ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისისების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ჩამოვიდნენ როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები, რათა მოხდეს დარღვევების მინიმიზაცია და არჩევნების საბოლოოდ ლეგიტიმაცია.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეუთოს დამკვირვებლები ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვიდნენ. პანდემიის პირობებში ძალიან გართულებულია არჩევნების მონიტორინგი. ეუთომ მხოლოდ ახლა გაგზავნა შეზღუდული მისია მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებზე და ეს პროცესი განახლდა. ამიტომ , დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბერში დამკვირვებლები აუცილებლად ჩამოვლენ”- განაცხადა გიგი წერეთელმა.
„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, წერეთელი კოპენჰაგენში იმყოფება და ორგანიზაციის შტაბ-ბინაში სწორედ მომავალ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ფორმირების საკითხს სხვა ლიდერებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილავს.
მისი განცხადებით, ეუთოში გადაწყვეტილება მიღებულია და უკვე ოფიციალური მიმართვა გაეგზავნა ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციას დამკვირვებელთა მობილიზების თაობაზე.
გიგი წერეთლის განმარტებით, დამატებით ორგანიზაციულ სირთულეს 3 ნოემბერს ამერიკაში დანიშნული არჩევნებიც ქმნის, სადაც აშშ ხელისუფლების მიწვევით ეუთოს მისია მიემგზავრება.
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ეუთოსათავის პრიორიტეტულია, ამიტომ სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს რაც შეიძლება მეტი გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლის გასაგზავნად. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში შესაბამისი უწყებები აქტიურად თანამშრომლობდნენ საერთაშორისო პარტნიორებთან და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დაკვირვების შეუფერხებლად განხორციელებას. ბელორუსში განვითარებულმა მოვლენებმა, ნათლად დაგვანახა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ეუთოს რეკომენდაციების შესრულება და სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ადგილზე გადამწყვეტი ფაქტორია”- განაცხადა გიგი წერეთელმა.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 31 აგვისტოს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამჟამინდელი ინფორმაციით, NDI-დან და IRI-დან არ ჩამოვლენ დამკვირვებლები არჩევნებზე. მისი თქმით, ასეთივე გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. მაგალითად, უკრაინაში ტარდებოდა მუნიციპალური არჩევნები და იქაც გაუქმდა დაგეგმილი ვიზიტი.