დიდი მწუხარების მიუხედავად, მონაწილეობას ვერ მივიღებთ - ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე

პუბლიკა
content image

„დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე 21 ივნისს განიხილავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლებამ 8 მარტს აღებული ვალდებულება ბოლომდე არ შეასრულა, ამის გამო მისი პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ ეს პოზიცია პარტიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა და მისი გადახედვა არ იგეგმება.

„ყველა მხარემ მშვენივრად იცის, რა არის მათი ვალდებულება. ამ წუთშივე შემიძლია გითხრათ, როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, სიამოვნებით, სიხარულით მზადყოფნით მივიღებთ მონაწილეობას. მათ მიერ აღებული ვალდებულება, კერძოდ, რაც შეიძლება სწრაფად ბატონი გიორგი რურუას საკითხის გადაწყვეტა და მისი საპყრობილიდან გამოსვლა, არ არის შესრულებული”, – აცხადებს ვაშაძე.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება და საპარლამენტო პარტიებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას. გუშინ კი 8 მარტის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩართულმა ელჩებმა მოუწოდეს მხარეებს, სრულყოფილად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, მიუხედავად ენმ-ისა და „ევროპული საქართველოს“ პოზიციისა, კანონპროექტს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება.

მისი თქმით, „ქართული ოცნებიდან“ გარანტირებულად ცვლილებებს მხარს 92 დეპუტატი უჭერს, ასევე, „ქართულ ოცნებას“ კომუნიკაცია ჰქონდა სხვა დეპუტატებთან და მათი გათვლით ცვლილებებს 117-კაციანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.