პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
„ჯგუფის წევრებს ქალაქ გორში მფლობელობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე დამზადებას და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულები სიგარეტის დასამზადებლად ძირითადად იყენებდნენ ცნობილი უცხოური ბრენდის დასახელებას და სასაქონლო ნიშანს და „ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე“, ინახავდნენ დიდი ოდენობით 2 176 000 ლარზე მეტი ღირებულების 325 000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო.
„ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
რა ვიცით ბრალდებულებზე ?
აღნიშნულ საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გუშინ გამართა. უწყებაში განაცხადეს, რომ საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრია.
საუბარია ვასილ მხეიძეზე, ის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმაა და თავდაცვის სამინისტროდან 1,3 მლნ ლარის გაფლანგვის საქმის გამო, უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროდან თანხის გაფლანგვის საქმეზე მხეიძეს ბრალი 25 ივლისს წარუდგინეს. მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და დ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიუჯეტის გაფლანგვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამავე საქმეზე, იმავე ბრალდებით დაკავებულები არიან ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ღუდუშაური. პროკურატურის ვერსიით, მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.
ახალი ბრალდება გორში სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხნის საქმეს ეხება, სადაც საგამოძიებო ორგანოს თქმით, წლების განმავლობაში უაქციზო თამბაქოს აწარმოებდნენ. ამ საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ერთ-ერთია ვასილ მხეიძე, და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი ნ.ც.