დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრეს.
მათი თქმით, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც უკვე დაწყებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები და დღევანდელ სხდომაზე ამაზეც იყო საუბარი.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მობილიზება, რაც შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის იქნება საჭირო.
ვაქცინების შესახებ ვრცლად ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, როგორც დიდმა ქვეყნებმა განაცხადეს, აპირებენ უკვე დეკემბრის მეორე ნახევარში დაიწყონ ვაქცინის გამოყენება.
„როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა გუშინ, გვირაბის ბოლოს გამოჩნდა უფრო კაშკაშა სინათლე – რამდენიმე ვაქცინა არის უკვე დამტკიცების ზღურბლზე, სხვადასხვა მარეგულირებლის ვაქცინა. კერძოდ, ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოსი, ევროპის წამლის სააგენტოს. ჯერ განიხილავს ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს სამი მთავარი მარეგულირებელია. დიდმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ დეკემბრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია დაიწყონ უკვე მთავარი რისკჯგუფების აცრები. ეს განაცხადა ამერიკამ, გერმანიამ, ემზადება ასევე დიდი ბრიტანეთი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეს ყველაზე დიდი იმედი ემყარება იმას, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ხელმისაწვდომი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და ასევე ანტივირუსული წამლები, რომელთა კვლევაც პარალელურად მიმდინარეობს.
„შექმნილია რამდენიმე ვაქცინა აქედან 5-6-მა უკვე გაიარა მესამე ფაზის კლინიკური კვლევები და ბევრმა კარგი შედეგი აჩვენა. არის ერთ-ერთი ასეთი „ფაიზერისა“ და „ბიოტეკის“ გერმანულ- ამერიკული ვაქცინა, მეორე ასევე „მოდერნას“ ამერიკული ვაქცინა, ასევე ოქსფორდის და ასტრაზენეკის ვაქცინა. იქაც დადასტურდა, რომ მაღალი პრევენციული დაცვის საშუალება აქვს. ასევე ძალიან საინტერესო ვაქცინები აქვს ჩინეთს. იცით, რომ ორი ვაქცინა დაამტკიცა რუსეთმაც. ასევე, კვლევის მესამე ფაზაში გადასულია სხვა ვაქცინებიც. იგივე ჯონსონის ვაქცინა. ასე რომ, ვაქცინა იქნება მალე, ეს შესაძლებელია და გითხარით, რომ დიდი ქვეყნები ემზადებიან დეკემბრის მეორე ნახევრიდან, თუმცა ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა უკვე გაზაფხულიდან იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ პირველი მაღალი რისჯგუფია სამედიცინო პერსონალი და პირველ რიგში ისინი აიცრებიან, შემდეგ მეორე რისკჯგუფია ხანდაზმულები, სადაც ასევე არის სხვადასხვა თანმხლები დაავადებები. დანარჩენი რისკჯგუფები ვინ იქნებიან, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს საკითხი იქნება განხილული.
„საქართველოსთვის ის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, რომელსაც მტკიცებას და დასტურს მისცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ გაერთიანებული ვართ, ე.წ. კოვაქსპლატფორმაში, რომელიც მუშაობს გავიალიანსის ბაზაზე. ეს არის ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელიც შექმნილია ამ საუკუნის დასაწყისში და ჩვენ მასთან 2001 წლიდან ვთანამშრომლობთ. ეს პლატფორა შეისყიდის რამდენიმე ვაქცინას, რომლებიც იქნება დამტკიცებული მარეგულერებლების მიერ. იცით, რომ ამ ვაცინებს აქვთ ლოჯისტიკის საკმაოდ გართულებული მექანიზმი, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით. ჩვეულებრივ 2-დან 8 გრადუსამდეა სხვა ვაქცინებს გადატანა-შენახვის ტემპერატურა. მაგრამ ეს ვაქცინები ექვემდებარებიან მინუს 70- 80 გრადუსზე შენახვას. ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა კომპანიასთან, რომ ამ ტიპს სამაცივრე დანადგარებით ვიყოთ აღჭურვილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ისთვის შეკვეთილი აქვს ვაქცინა, რაც დაახლოებით 700 000 ადამიანის აცრას ნიშნავს.