„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, მას აქვს „კონკრეტული საფუძველი“ იმის სათქმელად, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია 2016 წლის მსგავსად, ახლაც შევა პარლამენტში და „ქართული ოცნება“ ამაზე მუშაობს. წამყვანის კითხვის პასუხად, აქვს თუ არა მმართველ პარტიას კონსულტაციები ოპოზიციასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ შეკითხვას ვერც დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა, მარამ დასძენს, რომ „კონსლტაციები ყველა პარტიასთან არ მიმდინარეობს“.
„მე პირადად არ მქონია არავისთან კომუნიკაცია, მაგრამ მაქვს კონკრეტული საფუძველი იმის სათქმელად, რომ მგონია, სურათი იქნება სათანადო საქართველოს პარლამენტში“, – თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ ამ საკითხზე უახლოეს დღეებში გაკეთდება კომენტარები. „დიდი შანსია, რომ ყველა პარტია შემოვიდეს პარლამენტში, აბსოლუტურად ყველა“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნების“ სურვილიცაა, პარლამენტში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ის შედეგი, რაც მიღწეული იქნა ამ საარჩევნო სისტემით. ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი, რაც საქართველოში არ ყოფილა 1992 წლიდან მოყოლებული“, – თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციას, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, საჯარო განცხადებების მიუხედავად, მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობაც“.
„მათ ჰყავთ უმეტესად მეორე ტურში კანდიდატები. უმეტესაც „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები გადავიდნენ მეორე ტურში. უმეტეს შემთხვევაში მუშაობენ, მათ შორის თბილისშიც მუშაობენ, კახეთშიც მუშაობენ, სამეგრელოშიც მუშაობენ. თბილისში, სადაც არიან წარმოდგენილები, იქ დაწყებული აქვთ მუშაობაც, ესაა სამი ოლქი: სამგორი, ისანი და გლდანი“, – განაცხადა კობახიძემ. თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, მეორე ტურში გამარჯვების დიდი შანსი „ქართულ ოცნებას“ აქვს.