დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძეს და ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძეს და ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.

სანქციების შედეგად ორივე მათგანს გაეყინათ ფინანსური აქტივები ბრიტანეთში, ასევე აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა.

ბრიტანეთი წერს, რომ ლევან ვასაძე სანქცირებულია შემდეგი საფუძვლით: ნებისმიერი ისეთი პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერა ან ხელშეწყობა, რომელიც იწვევს უკრაინის დესტაბილიზაციას ან საფრთეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

ხოლო ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საფუძვლად მითითებულია: იღებდა ან იღებს სარგებელს რუსეთის მთავრობისგან ან მხარს უჭერს მას „მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანიის“ დირექტორად მუშაობით. ეს კომპანია საქმიანობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში, კერძოდ, ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.

ფარცხალაძესა და ვასაძესთან ერთად დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა 2 რუსულ გემს და 2 კომპანიას.

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა:

„დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოსთან დაკავშირებულ აქტორებს, რომლებიც ეკონომიურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერენ კრემლს. სანქციების პაკეტის მიზანია მათი საქმიანობის გამოაშკარავება და სხვა მსგავსი აქტორების შეკავება.

სანქციების სიაში შესულია ორი ნავთობგადამზიდი, რომლებმაც რუსული ნავთობი შეიტანეს ქალაქ ბათუმის პორტში, “ჩრდილოვანი ფლოტის” ფარგლებში.

“ჩრდილოვანი ფლოტი”– სახიფათო ხომალდებია, რომლებსაც კრემლი იყენებს, რათა შეინარჩუნოს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი, რაც რუსეთის მთავარი წყაროა უკრაინაში უკანონო ომის დასაფინანსებლად. სანქციების ამ პაკეტში შესულ 2 გემს აეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და არ მიეცემათ წვდომა გაერთიანებული სამეფოს გემების სარეგისტრაციო სისტემაზე.

ქართველი პოლიტიკოსი და მედიის მფლობელი ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარი პლატფორმებზე პრორუსული დეზინფომაციის გავრცელებისთვის.

ასევე სანქციების სიაში მოხვდა ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და „ქართული ოცნების” მმართველ შტოსთან.

ეს მოქმედებები მოჰყვა 2024 წელს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას, რაც გამოწვეულია „ქართული ოცნების” ქმედებების, კერძოდ კი კრემლის კანონების მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების შემოღებით, სამოქალაქო საზოგადოების დევნითა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით”.