დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ამ კატეგორიაში ბრიტანეთმა ამ პაკეტით მხოლოდ Imedi და POSTV დაასანქცირა.
ორივე მათგანის შესახებ წერია:
„ის თავის აუდიტორიას, რომელიც უმეტესად საქართველოშია, აწვდის და აწვდიდა განზრახ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთი.
სანქციების თანახმად, ორივე პროპაგანდისტულ ტელევიზიას შეეხება:
- აქტივების გაყინვა;
- სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვა;
- დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა:
აქტივების გაყინვა ნიშნავს, რომ იბლოკება პირის ყველა საბანკო ანგარიში, ქონება და ფინანსური რესურსი და მას მათზე წვდომა აღარ აქვს.
სატრასტო მომსახურებასთან დაკავშირებული სანქციები კრძალავს სანქცირებული პირისთვის სატრასტო მომსახურების გაწევას, მაგალითად, ქონების მართვას სხვისი სახელით. ეს შეზღუდვა მიზნად ისახავს სანქციების გვერდის ავლის გზების ჩაკეტვას. შედეგად, სანქცირებული პირი ვერ გამოიყენებს იურიდიულ სტრუქტურებს (სატრასტო ფონდებს), რათა მესამე პირების მეშვეობით დამალოს თავისი რეალური აქტივები ან მართოს ქონება ისე, რომ მისი სახელი პირდაპირ არ ფიგურირებდეს.
დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა: ეს სანქცია უკრძალავს პირს, იყოს ნებისმიერი კომპანიის დირექტორი ან მონაწილეობდეს კომპანიის მართვაში დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში. თუ პირი უკვე არის რომელიმე კომპანიის დირექტორი, ის იძულებულია დატოვოს პოსტი.
სანქციები ტელეკომპანიების შემთხვევაში იმუშავებს ასე:
- ბრიტანულ კომპანიებს (მაგალითად, სარეკლამო სააგენტოებს ან ტექნიკური აღჭურვილობის მომწოდებლებს) აეკრძალებათ არხებთან თანამშრომლობა.
- არხების ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც მოხვდებიან სიაში, შეეზღუდებათ საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობა. თუმცა, ამ ეტაპზე სანქციების სიაში კონკრეტული ადამიანიები დასახელებული არ არიან.
- ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც გაივლის ბრიტანულ საბანკო სისტემაში, შესაძლოა დაყადაღდეს.
ტეკლეკომპანია „იმედი“ წინა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ 6 თებერვალს 1000 ლარად გაყიდა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის მყიდველია „პრაიმ მედია გლობალი“, რომლის დირექტორიც ილია მიქელაიშვილია. შეთანხმებით, მყიდველი იღებს ვალდებულებას, უახლოესი 3 თვის ვადაში კომპანიის 50% გადავიდეს არხის გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში. როგორც ლომიძე, ისე ვასილ კალანდარიშვილი, ირაკლი ჩიხლაძე, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩოგიშვილი მიიღებენ 10-10 პროცენტს.
რაც შეეხება POSTV-ს – მის 24-24%-იან წილებს შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ, ხოლო „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს 52%-ს. მის წილებს ამჟამად ზაზა მარიდაშვილი მართავს.