დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება გადასცა

პუბლიკა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის ახალი, გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის ბენ უოლასის თქმით, რუსეთისგან მზარდი მუქარისშემცველი მოქმედებების გამო მიიღეს.

უოლასის თქმით, უკრაინელ ჯარისკაცებს ახალი შეიარაღების შესწავლაში ბრიტანელი ინსტრუქტორები დაეხმარებიან. სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ბრიტანეთიდან უკრაინაში ფრენები წუხელ დაიწყეს.

ამავდროულად, უკრაინის საზღვრებთან კიდევ უფრო იზრდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაცია. მოსკოვმა ჯარისკაცები ამჯერად ბელარუსში, უკრაინის საზღვართან რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნისთვის გადაისროლა.

ვლადიმერ პუტინი NATO-ს უკრაინისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას აპროტესტებს. მას შემდეგ, რაც თურქეთმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატები მიჰყიდა, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარისა და კიევის ეს შეთანხმება პროვოკაციული იყო.

თუმცა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი განმარტავს, რომ შეიარაღება თავდაცვითი ხასიათისაა და აგრესიის წახალისებას არ ემსახურება.

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გაუარესდა გასული წლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს მოუყარა თავი უკრაინის საზღვრებთან. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, მათ მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს ფართომასშტაბიანი აგრესიის წამოსაწყებად უკრაინის საზღვრებთან საკმარისი შეიარაღებული ძალები ჰყავს  განლაგებული.

უკრაინა ბოლო დროს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული ონლაინ და სატელეფონო საუბრების მთავარი თემა იყო. რუსეთმა გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის NATO-სგან მოითხოვს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტას და მოუწოდებს ალიანსს, დოკუმენტურად ასახოს, რომ საქართველო და უკრაინა ვერასდროს გახდებიან NATO-ს წევრები.