დიღმის ჭალებში, არაშენებული ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ურბანისტებთან და გარემოსა და ეკოლოგიის დამცველებთან ერთად აქცია გამართეს და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ტერიტორია, რომელიც, თბილისის გენგეგმის მიხედვით, რეკრეაციული ზონაა, ნელ-ნელა ნაგავსაყრელად გადაკეთდა, შედეგად, განადგურდა ფლორა და შეიქმნა საცხოვრებლად გაუსაძლისი გარემო.
დიღმის ჭალებთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი ანა ტრაპაიძე აცხადებს, რომ 2016 წლიდან დღემდე დიღმის ჭალების ტერიტორია „უდაბნოს დაემსგავსა“. მისი ინფორმაციით, ეს არის, დაახლოებით, 70 ჰა მუნიციპალური ტერიტორია, სადაც იკვეთება „4 მნიშვნელოვანი კრიმინალური დარღვევა”:
- ხდება უკანონო კარიერული სამუშაოები. მდინარის გასწვრივ სანაპიროდან მოიპოვებენ ქვა-ღორღს;
- ქვა-ღორღის დასასაწყობებლად ათვისებული აქვთ, დაახლოებით 10ჰა, ტყეებისა და მდელოების ქვა-ღორღში დამარხვის ხარჯზე;
- უკანონო გადამუშავება, რომელიც წარმოქმნის წვრილ ნაწილაკებს, ხმაურითა და მტვრით ავსებს ქალაქს;
- ამოთხრილ ტერიტორიაზე ხდება უკანონო, მაგრამ ორგანიზებული შემოტანა ნარჩენების და მათი განთავსება კარიერის ტერიტორიაზე და მიმდებარე ჭალის ხევში.
ანა ტრაპაიძე აქციაზე სიტყვით გამოვიდა და განმარტა, რატომ არის ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებები დანაშაულის ტოლფასი.
„კარიერული სამუშაოები მიმდინარეობს მტკვრის გასწვრივ, არღვევს კალაპოტს, ეს ადგილები იტბორება და წარმოიქმნება ეპიდემიის საშიშროება. დასაწყობებაზე, როგორც ვთქვი, დიდი ტერიტორია არის დაფარული ნაგვით. მის გაწმენდას არ ვიცი, რა ძალები შეძლებს. გავამახვილებ ყურადღებას სამშენებლო ნაგვის შემოტანაზე – ამ წუთას ის მდინარეში აზავებს ტოქსიკურ ნაერთებს, რომელიც ქალაქში მიედინება და წამლავს ბუნებას.
არაერთხელ მივმართეთ მერიასა და საკრებულოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეწყდეს ყველაფერი, რადგან ეს ადგილი არის რეკრეაციული. გენგეგმა უკვე იცავს ამ ტერიტორიას. ვერც ერთი ლიცენზია ვერ გაიცემა ბუნების საზიანოდ”, – ამბობს ტრაპაიძე.
როგორც ადგილობრივი მცხოვრები მარიამ მაღრაძე გვეუბნება, როდესაც ამ ტერიტორიაზე ნაგვის შეტანა დაიწყეს, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოქმედებები ლიცენზიის დაცვით ხდებოდა, თუმცა შემდეგ აღმოაჩინეს, რომ არანაირი ლიცენზია არ ყოფილა გაცემული.
„ერთადერთი ლიცენზია არის გაცემული 2006 წელს. ისიც მტკვრის შუაგულში არსებული კუნძულიდან უნდა მომხდარიყო ბუნებრივი რესურსის მოპოვება. ყველა სამუშაო არის არალეგალური, ეს აღმოვაჩინეთ ჩვენ.
„მივწერეთ ყველას, დავურეკეთ… ყველა ჯერზე, როდესაც მოდიოდნენ მანქანები, ვაჩერებდით, ვთხოვდით მათ პასუხს, მერე ვიძახებდით მუნიციპალიტეტის სამსახურს, რომელიც ხან მოდიოდა, ხან არ მოდიოდა… ერთხელ ორი მანქანა გააბრუნა, მაგრამ 7 შემოუშვა და ვერ მივხვდით, რატომ. ვიძახებდით პატრულს, მერე მოვიდა გარემოს დაცვის დეპარტამენტი, რომელმაც ერთი მანქანა დააჯარიმა, მაგრამ ამით არაფერი არ შეცვლილა. იმაზეც უარი გვითხრეს, რომ დასუფთავება მოსულიყო და მტვერი გაეტანა”, – ამბობს მარიამ მაღრაძე.
აქციას ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მათი მხარდამჭერი ურბანისტები, გარემოსა და ეკოლოგიის დამცველები და პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.
ურბანისტი ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ თბილისის გენგეგმის მიხედვით, ამ ტერიტორიას სარეკრეაციო და სატყეო ზონის სტატუსი ადევს. ბიბილაშვილი განმარტავს, რომ სატყეო ზონაზე არაფრის გაკეთება არ შეიძლება გარდა იმ ბილიკებისა, რაც სატყეო მოხმარებისთვისაა საჭირო. სარეკრეაციო ზონის სტატუსის მიხედვით კი, ეს ტერიტორია უნდა დაიტვირთოს სარეკრეაციო ფუნქციით. ურბანისტი ამბობს, რომ სარეკრეაციო ზონის სტატუსი ტერიტორიაზე ლანდშაფტსა და ეკოლოგიას უნდა იცავდეს.
მისი შეფასებით, ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ეკოლოგიური დანაშაული ხდება – 1. ბუნებრივი რესურსის ამოღება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მდინარე მტკვრის წყალდაცვითი არეალიდან. ბიბილაშვილი განმარტავს, რომ წყალდაცვითი არეალის ზონა ხელუხლებლად უნდა დარჩეს, რათა მოსახლეობა წყალმოვარდნებისგან იყოს დაცული; 2. სამშენებლო ნაგავი იყრება ადგილზე, რომელიც ყველაზე ახლოსაა მდინარე მტკვართან და ის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც სამშენებლო ნარჩენებსა და მასალებს აქვს, მტკვრის საშუალებით მთელ ქალაქში ნაწილდება. 3. სამუშაო მასალები მუშავდება ამ ადგილზე და გამოიყოფა ქვის მტვერი.
ანი ბიბილაშვილი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში განადგურდა ხე-ნარგავის 70% – მათი ნაწილი გაჩეხეს, ნაწილი ქვიშისა და ნაგვის ქვეშ დაიმარხა.
„ჩემი, როგორც ურბანისტის მიდგომა ასეთია – ზოგადად, სარეკრეაციო არეალები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი არის აქტივობისთვის განსაზღვრული, ზოგიც – პასიური დასვენებისთვის.
პასიური დასვენებისთვის იქნებოდა, ამ შემთხვევაში, აქ თუ აშენდებოდა ლანდშაფტურად ხელუხლებელი სივრცე, სადაც მოსახლეობა მოვიდოდა, გაისეირნებდა, საპიკნიკე ზონები მოეწყობოდა; სწორი ურბანული ხედვა აქეთ უნდა წავიდეს, რომ ეს სამუშაოები, რომელიც კატასტროფულია ეკოლოგიურად, უნდა შეჩერდეს, უნდა გამოიკვლიონ, როგორ უნდა აღდგეს ლანდშაფტური პოტენციალი და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორ გამოიყენოს ქალაქმა ეს ტერიტორია”, – ამბობს „პუბლიკასთან“ ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე უნიკალური ფლორა და ფაუნა იყო. წითელ წიგნში შესული წავების კადრები თბილისში მცხოვრები ველური ცხოველების შესახებ გადაღებულ ფილმშია აღბეჭდილი. აქციაზე ამ ფილმის ავტორი ნიკა წიკლაური იმყოფებოდა.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით ვიღებდით ფილმს „სხვა მეზობლები“. აქ კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე, კუნძულზე და მის მიმდებარედ ვიღებდით წავებს. წავი არის წითელი ნუსხის სახეობა. მისი საცხოვრებლის განადგურება კანონსაწინააღმდეგოა და მაშინაც ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ აქ არ შეიძლება მასშტაბური მშენებლობები და განსაკუთრებით დასაცავია კუნძული. მაშინ ლაპარაკი დაიწყო, რომ კუნძული გამოცხადდეს „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილად, რაც, რა თქმა უნდა, დაიცავს წავის საარსებო გარემოს, მაგრამ, რაც აქ ხდება, არ ვიცი, რა სიტყვებით აღვწერო. აქ ბინადრობს უამრავი ძუძუმწოვარა სახეობის ცხოველი, ფრინველი, რეპტილია, მელია, ტურა, ძალიან საინტერესო ჭალის ტყეა, ველური და გაუვალი ჯუნგლები იყო”, – გვიყვება ნიკა წიკლაური.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, რომელიც საკრებულომ 2019 წლის 15 მარტს დაამტკიცა, წერია, რომ მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი, აქედან ორზე – დიღმის ჭალები და ზღვის უბნის პარკი – მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა;
2020-2021 წლების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე, 6 თებერვალს, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიმდინარე წელს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.
მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 14 836 147 ლარია. პარკი, როგორც სპორტულ, ასევე რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს. დიღმის ჭალებში მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც, პარკის დანარჩენ ნაწილს, როგორც საფეხმავლო, ასევე ველობილიკებით დაუკავშირდება.
დიღმის ჭალების ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის მოწყობის შესახებ 2015 წელს დავით ნარმანია საუბრობდა, თუმცა პროექტი ვერ განხორციელდა.