დილის 6 საათისთვის შსს-მ აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყო – მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის გვერდითა შესასვლელები მოქალაქეებს ბლოკირებული არ ჰქონდათ, 06:00 საათზე პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გადასულიყვნენ რუსთაველის გამზირისკენ.
„თქვენ გაქვთ 5 წუთი”, – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.
მანამდე ჩიტაძის ქუჩის მხარეს განათავსეს წყლის ჭავლი, ხოლო შემდეგ შსს-ს წარმომადგენლები გადავიდნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საიდანაც აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს.
ამ წუთებში თავისუფლების მოედნის მხრიდან მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადასულიყვნენ. მალევე 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის მობილიზება დაიწყო.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ პარლამენტის შესასვლელები. ამასთან, განცხადებაში შსს-ს მოუწოდებდა მედიის წარმომადგენლებსაც „დამორჩილებოდნენ” შსს-ს მოთხოვნებს.
12 მაისს პარლამენტთან აქცია დაიწყო – მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იყვნენ შეკრებილები. მათი მიზანია, რომ დღეს დაგეგმილ იურიდიულ კომიტეტამდე გაათენონ და გააპროტესტონ რუსული კანონის განხილვა.