„დილით ღარიბაშვილს კანცელარიაში შესვლის საშუალებას არ მივცემთ“ - აქციის გეგმა

პუბლიკა

რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

როგორც „პუბლიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აქციის გეგმებთან დაკავშირებით განმარტა, რომ აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ დარჩებიან, ხოლო დილის 8 საათზე გადაინაცვლებენ კანცელარიასთან, რომ ხელი შეუშალონ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კანცელარიაში შესვლას.

დღევანდელ აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა გაჟღერდა, – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაიწყოს ქმედითი ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად და საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

„პირველი – წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოშორდნენ აქედან.

„ქართული ოცნება“ ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ უპირველესი მოთხოვნა არის მისი წასვლა და ის სირცხვილი, რომელიც მან მოსცხო საქართველოს, ჩვენი ჩამოსარეცხია და აუცილებლად უნდა წავიდეს, აღარ უნდა წრამოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს.

მეორე – ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათი სოლიდარულები. დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუხსნათ ცა უკრაინას.

მესამე – დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვერპლით, რომელიც ხუთი ღამეა, ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები, რომ ჩვენც ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი და ეს შესაძლებლობა, რომელიც ესიზმრებოდა ჩვენს წინაპრებს, დღეს დევს მაგიდაზე და ეს უგნურები ამბობენ, რომ არ გვინდა, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა  საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ერთად დგომით ამ სამივე პირობას მივაღწევთ, პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე, არ დავიღლებით, არ დავნებდებით და გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ამის იქით ზღვარი აღარ არსებობს“, – მიმართა ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.