დიმიტრი ხუნდაძემ განცხადება მედიას წერილობით, თავისი ინიციატივით მიაწოდა

პუბლიკა

დღეს რამდენიმე მედიასაშუალების გვერდზე ევროკავშირის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძის განცხადება გავრცელდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის დეპუტატმა მედიას საკუთარი ინიციატივით, წინასწარ მომზადებული, წერილობით გაუგზავნა.

„ხუნდაძეს ჰქონდა ევროპარლამენტის რეზოლუციისთვის გამოხმაურების სურვილი. თავად, საკუთარი ინიციატივით შემეხმიანა და პოზიცია წერილობითი ფორმით მომაწოდა”, – ამბობს „პუბლიკასთან” საუბრისას სააგენტო IPN-ის საპარლამენტო კორესპონდენტი ნათია ინაური.

განცხადებაში ხუნდაძე წერს, რომ, „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

მმართველი პარტიიდან ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ხუნდაძის ნათქვამი ემოციის გამოხატვაა და ეს ევროკავშირზე უარს არ ნიშნავს. გია ვოლსკის შეფასებით კი, ხუნდაძის მოსაზრება პარტიისა და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის.