„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი კვიცინაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი მართვით სუნთქვაზეა და საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს. მისი თქმით, პაციენტს ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინზე არ აღენიშნება.
„იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს, დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არ არის, აღენიშნებოდა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია.
ამ ეტაპზე გეგმიურად სძინავს, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე, ჩაუტარდა კვლევები, ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები თავის ტვინზე არ აღენიშნება. გრძელდება მკურნალობა“, – განაცხადა კვიცინაძემ.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.
ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.
მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.