„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართავს. გიორგი ვაშაძე შარლ მიშელის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
გიორგი ვაშაძის თქმით, 19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ გააჩინა შესაძლებლობა არამხოლოდ რთული პოლიტიკური კრიზისის დასრულების, არამედ რეალურად გაჩნდა პერსპექტივა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ხელისუფლების არჩევნების გზით დემოკრატიულად ცვლილების.
„სწორედ ამიტომ ამ შეთანხმებამ მოიპოვა ნდობა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში და ხაზი გაუსვა დასავლეთის განსაკუთრებულ როლს, ქვეყნისთვის მძიმე დროს. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბათუმში, განვაცხადეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების ცალკეული ნაწილის დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა შეთანხმების სრულად შესრულებას. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დიპლომატიური ენა, არ არის საკმარისი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისი დასტურიც არის ცალმხრივად ამ შეთანხმებიდან გასვლა.
დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი აქტიური ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის.
თქვენს განცხადებაში, შეთანხმებაზე „ნაციონალურმა მოძრაობის“ მხრიდან ხელის არ მოწერის თაობაზე ყურადღების გამახვილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს მოცემულობა ცხადი და თვალნათელი იყო ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილებული იყო მხოლოდ პროცესში მონაწილე ხელისმომწერ მხარეებზე.
მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები და აღსრულების მექანიზმები აიძულებს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
ვადასტურებთ მზაობას, თქვენთან ერთად მივიღოთ კონსულტაციებში მონაწილეობა. გთხოვთ დროული რეაგირებისა და ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ, რათა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას დემოკრატიული გზით განვითარების და ხალხის მიერ არჩეული პროდასავლური კურსის უზრუნველყოფის” – ამბობს გიორგი ვაშაძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს. მიშელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზა საქართველოს ევროპული გზისკენ. მისი განცხადებით, ყველა პარტიამ პირველ ადგილზე ხალხის ინტერესები უნდა დააყენოს და მოუწოდებს ყველა მხარეს, შეასრულოს შეთანხმება.
მიშელი წერს, რომ იწყებს კონსულტაციებს საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან, რომლის ნაწილიც იყო გუშინ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა.