დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება მიყურადებაზე - ელჩები ზალკალიანთან შეხვედრაზე

პუბლიკა

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“ აქვეყნებს:

„შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სასმახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოს, ჟოზე აველინო ბეტანკურს, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანსა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, იმამურა აკირას შეხვდა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.