დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ

პუბლიკა

3 აპრილიდან საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს მიიღო. შეზღუდვა ძალაში 1 წლის განმავლობაში დარჩება. საბჭო აღნიშნავს, რომ ცვლილება საქართველოს სხვა მოქალაქეებს არ შეეხებათ.

„ევროკავშირმა ახლახან გააძლიერა მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი, რაც მას საშუალებას აძლევს, დროებით დააწესოს სავიზო მოთხოვნები ახალი საფუძვლებით. მათ შორის არის მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევა.

ევროკავშირმა გადაწყვიტა, ეს ახალი დებულებები საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენოს. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მითითებით, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვის ვადით შეაჩერა.

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს, რომლის მიღების ვალდებულებაც შვეიცარიასაც აკისრია. ეს ნაბიჯი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას „შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ“ განკარგულებაში. გარდა ამისა, ჩერდება შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლის მოქმედება“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

 


2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში.

ამიერიდან მათ მოეთხოვებათ ვიზა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოიყენება უვიზო მომოსვლის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი.

ევროკომისიის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი საქართველოს ოფიციალური პირებისთვის გააქტიურდა იმის გამო, რომ ისინი განზრახ და მუდმივად არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და არღვევენ დემოკრატიის წესებს და ფუნდამენტურ უფლებებს ძირითად სფეროებში.

საქმე ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტს, მათ მფლობელებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით კვლავ შეეძლებათ.