ყოფილი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე მისი დიპლომის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, ცილისწამებისთვის უჩივის.
როგორც TI -ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შალვა თადუმაძე ცილისწამებად ეკა გიგაურის შეფასებებს მიიჩნევს, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციას და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
ორგანიზაციის ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო უწყებებიდან მიღებული არაერთი დოკუმენტი შეისწავლა რამაც კონკრეტული კითხვები გააჩინა.
„თადუმაძე დამატებით ითხოვს მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს დავის დასრულებამდე ნებისმიერი ფორმით, საჯაროდ საუბარი აეკრძალოს.
რა პრობლემები აქვს დიპლომს:
- მასში მითითებულია, რომ თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წელს მიიღო;
- 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. საეჭვოა ამ ასაკში პირს საშუალო სკოლის დასრულება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება მოესწრო;
- საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას 2003 წელს ეწოდა, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს.
შალვა თადუმაძის დიპლომის თაობაზე კითხვები ჰქონდა ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), სახალხო დამცველს და კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომლებიც აქტიურ მონიტორინგს უწევდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, “- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგირც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა მძიმე გამოწვევების წინაშეა და მიუკერძოებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ გვაქვს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავს.