მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები მცდარია და ის დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს, ტრამპმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
ის კვლავ საუბრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომს დაასრულებს, თუმცა პარალელურად ვოლოდიმირ ზელენსკის ესხმის თავს და ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის მილიარდობით დოლარი „დაახარჯვინა”.
„დაფიქრდით: საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეძლო ის, რომ აშშ-ის 350 მილიარდ დოლარზე მეტი დაახარჯვინა ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია და რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო; ომში, რომელსაც ის აშშ-ისა და „ტრამპის” გარეშე ვერასდროს დაასრულებს. აშშ-მა ევროპაზე 200 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა და ევროპისთვის ეს ფული არის გარანტირებული, ხოლო აშშ უკან არაფერს მიიღებს”, – წერს ტრამპი.
დამატებით, ის ზელენსკის უწოდებს „დიქტატორს”, რომელიც არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან მალე „ქვეყანა აღარ დარჩება”.
„ამავდროულად, ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ომის დასასრულებლად, იმას ვაკეთებთ, რაზეც ყველა თანხმდება, რომ მხოლოდ „ტრამპსა” და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია”.
გუშინ, 18 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას რუსეთთან შეთანხმება ადრე უნდა გაეფორმებინა.
ტრამპი ამ კომენტარით გამოეხმაურა ზელენსკის და უკრაინის მხარის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის შეხვედრაზე უკრაინის დელეგაცია არ იყო წარმოდგენილი.
მას ასევე ჰკითხეს რუსეთის სურვილზე უკრაინაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა გააჟღერა კრემლის ნარატივი, რომ ზელენსკის რეიტინგი „4%-მდეა დაცემული”. Politico ბოლო კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ზელენსკის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, გასულ თვეს მას 52%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
ტრამპის ამ განცხადებებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. მან თქვა, რომ მისი რეიტინგი არა 4%, არამედ 57%-ია. ამასთან, ზელენსკის განცხადებითვე, აშშ-მა დახარჯა არა 500 მილიარდი დოლარი, არამედ – 100 მილიარდი დოლარი.
უკრაინის ბოლო არჩევნები გასულ აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნებთან მისვლა ომის პერიოდში შეუძლებელი იქნებოდა – ეს პოზიცია ქვეყნის კონსტიტუციით არის მხარდაჭერილი.