აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინსამსახურს ახალი ამბების ფუნქცია ჩამოაშორა.
ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი აცხადებს, რომ დირექტორმა მაუწყებელში „რეორგანიზაცია ჩაატარა, რეორგანიზაციის გარეშე“.
როგორც სოფო ჟღენტი ჰყვება, მან სამუშაო პირობების შეცვლის (ახალი ამბების შექმნა) შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ახალი ამბების რედაქტორად ნინო ხაჟომიას აყვანის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„გუშინ, 10 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე დამიკავშირდა ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მთხოვა, რომ აჭარის მაუწყებელში თანამშრომელთა მიღების ახალი წესის თანახმად, როგორც მმართველთა საბჭოს წევრს, მოსაზრება გამომეთქვა ერთი-ერთი თანამშრომლის სამსახურში მიღების თაობაზე. რადგან დისტანციურ მუშაობაზე ვიყავით გადასული, განცხადება e-mail-ით გამომიგზავნეს, სადაც მაუწყებლიდან გიორგი კოხრეიძის მიერ სამსახურიდან გაშვებული პირის, ნინო ხაჟომიას განცხადება დამხვდა.
განცხადებაში ნინო ხაჟომია სთხოვდა დირექტორს, აეყვანათ ახალი ამბების სამსახურში ონლაინსამსახურის რედაქტორის პოზიციაზე. რადგან ასეთი პოზიცია მაუწყებელში აქამდე არ არსებობდა, სტრუქტურის მიხედვით, კი, ონლაინსამსახურის რედაქტორი ჩემს სამსახურში შედიოდა, დავუკავშირდი დირექტორის თანაშემწეს, ნათია გოგიჩაიშვილს. მითხრა, რომ ასეთი პოზიცია გაჩნდა, რადგან საინფორმაციო სამსახურის ახალი დებულება შეიქმნა“, – ამბობს სოფო ჟღენტი.
მისი თქმით, ონლაინსამსახურის დებულება „მცორედით“ შეიცვალა, რაც გულისხმობდა იმას, რომ სოფო ჟღენტის დაქვემდებარებაში სამსახურს მთლიანად ჩამოერთვა ახალი ამბების შექმნის უფლებამოსილება.
ბუნებრივია, ვიკითხე, როგორ შეცვალეს ჩემი სამსახურის დებულება ჩემს გარეშე, რაზეც ნათია გოგიჩაიშვილმა მიპასუხა, რომ ეს დირექტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. მხოლოდ მეორე დღეს გადმომიგზავნეს დებულება, რომელშიც აღმოვაჩინე, რომ ამ „მცირედი“ ცვლილებებით ჩემს სამსახურს მთლიანად ჩამოერთვა ახალი ამბების შექმნის ფუნქცია და მხოლოდ გადაცემებისა და შექმნილი პროდუქტების სოციალური მენეჯერის ფუნქცია დარჩა“. – განაცხადა სოფო ჟღენტმა.
მისი თქმით, ხელშეკრულებების ცვლილებების შესახებ ის და მისი თანამშრომლები ინფორმირებულნი არ იყვნენ.
„ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს არ დაგვკავშირებია არავინ. სავარაუდოდ, ჩემს სამსახურში მომუშავე ვებრედაქტორები სხვა სამსახურში აღმოჩნდებიან, რადგან ახალ დებულებაში ვებსამსახურის სტრუქტურიდან ვებრედაქტორები აღარ შედიან. მოკლედ, რეორგანიზაცია ჩაატარეს რეორგანიზაციის გარეშე. უკანონოდ, ჩემი ჩართულობის გარეშე ცვლიან ჩემს ხელშეკრულებას, რისი უფლებაც, როგორც იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გავიგე, კანონით არ ჰქონდათ“, – ამბობს სოფო ჟღენტი.