„დირექტორმა გოგოებს შარვლის ჩაცმა აუკრძალა“ - სახალხო დამცველის წინადადება

პუბლიკა

სახალხო დამცველის განცხადებით, ხელვაჩაურის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების წარმომადგენელმა სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენისთვის მიმართა.

საქმის მიხედვით, სკოლაში წლებია მოქმედებს ქვედაბოლოსგან და თეთრი ზედატანისგან შემდგარი უნიფორმა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ მოსწავლეები მოითხოვენ, ფორმას დაემატოს გოგოებისთვის შარვალიც და მათ არჩევანის უფლება მიეცეთ.

განმცხადებელი ხაზს უსვამს ასევე იმას, რომ ზამთარში კაბის ტარება მოსწავლეებს დისკომფორტს უქმნის. განმცხადებლის განმარტებით, სკოლის პრაქტიკა უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსწავლეებს.

როგორც სახალხო დამცველი წერს, სკოლის პოზიციის თანახმად, უნიფორმა მოსწავლეების ესთეტიკური თვალსაზრისით გამორჩეულობის მიზნით და მშობლების თანხმობით შემოიღეს. მკაცრი მითითება, რომ უნიფორმა ქვედაბოლოსა და თეთრი ზედატანისაგან უნდა შედგებოდეს, ოფიციალურად გაცემული არ ყოფილა.

სკოლის დირექტორის პასუხის მიხედვით, მან გოგოებს ზამთარში შარვლის ტარების უფლება მისცა.

თუმცა განმცხადებელი სკოლის პოზიციის საპასუხოდ ამბობს, რომ შარვლის ტარების უფლება თებერვლამდე მოქმედებს და არ აგვარებს პრობლემას.

„როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მკაცრი მითითებით, მოსწავლე გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით უნდა იარონ. თუმცა, საქმისწარმოების მიხედვით, ადმინისტრაციას რაიმე დირექტივა სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არ გაუცია და ის რომ, მოსწავლე გოგოები შარვლით მხოლოდ ზამთრის პერიოდში დაიშვებიან, უშუალოდ სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებაა.

სკოლამ სახალხო დამცველს ვერ წარუდგინა რაციონალური არგუმენტაცია, რომელიც გოგოებისთვის არჩევანის შესაძლებლობის შეზღუდვასა და შარვლის ჩაცმის აკრძალვას გაამართლებდა.

საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა იცავდეს არადისკრიმინაციულობის პრინციპს. შესაბამისად, დაუშვებელია სკოლამ თვითნებურად განსაზღვროს მოსწავლეთა ჩაცმის წესები და გოგოებს შარვლის ჩაცმის უფლება აუკრძალოს“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა სკოლის დირექტორს ზოგადი წინადადებით მიმართა და მოუწოდა, არ დაუშვას სკოლაში სქესის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა, ხოლო სასკოლო ფორმასთან მიმართებით, უზრუნველყოს მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება.

საქმეს ვრცლად გაეცანით ბმულზე.