დირექტორთა კონკურსის მონაწილე, მაია ეკალაძე, განათლების სამინისტროსთან მჯდომარე აქციის დაწყებას აანონსებს. მაია ეკალაძემ სამინისტროში განცხადება შეიტანა და ფოიეში, ადგილის გამოყოფა ითხოვა.
„პროტესტი გაგრძელდება იმ დარღვევებზე, რომლებზეც პასუხს მოვითხოვთ უკვე მე-6 თვეა. დავწერე განცხადება, მოვითხოვე ფოიეში გამოყონ ადგილი, იმისთვის, რომ მჯდომარე პროტესტი გავაგრძელო და პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ მინისტრი არ უპასუხებს კითხვებს. მასწავლებელი, რომელიც სკოლაში მუშაობს და აქვს გაკვეთილები, არ უნდა დადიოდეს სამინისტროში და არ უნდა ითხოვდეს სამართლის აღდგენას ასეთი ფორმით და ამდენი ხნის განმავლობაში“ – განუცხადა „პუბლიკას“ მაია ეკალაძემ.
ის ივნისიდან, დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპის (გასაუბრების) შედეგების გამოცხადების შემდეგ, სამინისტროსთან პერმანენტულად მართავს აქციას, ითხოვს გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში გამართვას.
ეკალაძე მინისტრთან შეხვედრას მე-6 თვეა ითხოვს. 22 ნოემბერს მაია ეკალაძეს და დავით ფერაძეს მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეს გადასცეს კონკურსთან დაკავშირებული კითხვები, თუმცა როგორი იქნება სამინისტროს რეაგირება უცნობია.
დირექტორთა კონკურსზე კითხვები მინისტრს პარლამენტშიც დაუსვეს.
გიორგი ამილახვარი 28 ნოემბერს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა პარლამენტის წინაშე. მინისტრმა განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილე ადამიანებს მისი წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა არაფერი უთქვამს როგორ იქნება უწყების რეაგირება იმ საკითხებზე, რომლებიც კონკურსის მონაწილეებს აწუხებთ.
„აქ მკითხეს, რატომ არ ვხვდებით იმ 3-4 ადამიანს, ვინც თითქოს გარეთ აპროტესტებს – ორჯერ მეგობრებო, მე ვარ შენახვედრი და ორჯერ შეხვდნენ ჩემი მოადგილეები. რიტორიკულად ვაბრუნებ კითხვას – ეს ხალხი პოლიტიკურად ანგაჟირებულია? მე მგონია, რომ ის ხალხი ობიექტურად აპროტესტებს და თუ ობიექტურად აპროტესტებენ, თქვენ რატომ ხდით ამ საკითხს პოლიტიზებულებს. თვითონ არ ხდიან პოლიტიზებულს, თუ რამე პრობლემა მიაჩნიათ კონკურსში, რა უნდა ამის დასაბუთებას.“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.