დირექტორთა კონკურსის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ

პუბლიკა

საჯარო სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილეები დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით, განცხადება დატოვეს.

„არ მოვისვენებთ, სანამ რეალური, გამჭვირვალე კონკურსის ჩასატარებლად კონკრეტული თარიღი არ ჩაინიშნება“, – ამბობს დავით ფერაძე.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეაქციას კვირის ბოლომდე დაელოდებიან, ამის შემდეგ კი პერმანენტული აქციები შესაძლოა, მმართველი პარტიის ოფისთან გამართონ. – „რეალური შედეგის დადგომამდე არ დავიშლებით“, – განაცხადა დავით ფერაძემ.

დირექტორთა კონკურსის მონაწილეები სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესის შეცვლას და მეორე „გასაუბრების“ გაუქმებას მოითხოვენ.

მათი თქმით, სერტიფიცირებულ კანდიდატს  ავტომატურად უნდა მიეცეს მისთვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირების უფლება, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე და მისი შესაბამისობა უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ.

12 დეკემბერს გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ მალე გამოცხადდება ახალი კონკურსი დანარჩენი სკოლებისთვის.

„უახლოეს მომავალში სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ დარჩენილ სკოლებში, სადაც ვერ მოხდა შერჩევა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს ან უნდა, რომ მოიპოვოს სერტიფიცირება, ყველას, ხაზგასმით ვამბობ, მივცემთ შესაძლებლობას, შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოფთ, რომ სკოლებში არჩევნები იყოს გაცილებით მრავალფეროვანი“, – თქვა გიორგი ამილახვარმა.