დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვაც ესწრებოდა.

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განმარტებით, მემორანდუმით გათვალისწინებული უწყებების ანგარიშვალდებულება ერთმანეთის მიმართ, ინფორმაციის გაზიარება, შეესაბამება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სფეროში არსებულ შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ემსახურება აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტას.

„შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.” – განცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო მზად არის დაიცვას მონაცემების აღრიცხვის ერთიანი სტანდარტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სრულყოფილად აღრიცხვის მიზნით.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულები, უკანასკნელ წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იქცა პოლიტიკის დონეზე პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა.

მემორანდუმით გათვალისწინებულია უწყებების ანგარიშვალდებულება ერთმანეთის მიმართ ინფორმაციის გაზიარების თაობაზე. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სფეროში არსებულ შიდა სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ემსახურება აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტას.