დღეს ომბუდსმენმა და სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინეს.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც რეგულარულად აისახება საპარლამენტო ანგარიშებში.
„დღეს წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი სამწუხაროდ, უკვე წლებია გადაუჭრელია. არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც დიდი დრო სჭირდება, მაგრამ სავსებით შესაძლებელი იყო მოკლე დროში მომხდარიყო ვთქვათ, ეროვნული უმცირესობების აქტიური და რეალური მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე მომზადებულიყო და დანერგილიყო სასკოლო სახელმძღვანელოები და გადაჭრილიყო სხვა მრავალი პრობლემა.
ხაზი უნდა გავუსვა საზოგადოებაში არსებულ დისკრიმინაციულ გარემოს, რაც აფერხებს ინტეგრაციის პროცესს. აგრესია განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის პირობებში და სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო გახშირდა ეროვნულ უმცირესობათა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ტირაჟირება, “- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თავის პროგრამებში უფრო ფართოდ წარმოადგინონ ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხები და ე.წ. გამსვლელ სიებშიც ეროვნული უმცირესობების მეტი წარმომადგენელი შეიყვანონ.
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები
სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის
► სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის ცენტრებში მულტილინგვური სწავლების შეთავაზება და დანერგვა, ერთიანი სასწავლო მოდელის შემუშავება/დამტკიცება;
► სკოლამდელი განათლების ცენტრებისთვის მულტილინგვური პედაგოგების მომზადება და მულტილინგვური პედაგოგების მოზიდვა;
► სკოლამდელი განათლების ცენტრებისთვის ორენოვანი სასწავლო და მეთოდოლოგიური რესურსებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შედგენა და მიწოდება;
► ეროვნული უმცირესობების კომპაქტური დასახლებების იმ სკოლებთან, სადაც შესაბამისი მოთხოვნა არსებობს ორენოვანი სასკოლო მზაობის ცენტრების ჩამოყალიბება;
► საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, სასკოლო მზაობის ცენტრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რაოდენობის ზრდის მიზნით გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები;
სასკოლო განათლება
სასკოლო სახელმძღვანელოების კვალიფიციური თარგმნა;
► იმ სკოლებში სადაც არის შესაბამისი მოთხოვნა მულტილინგვური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა;
► მულტილინგვური სწავლებისთვის საჭირო სახელმძღვანელოების შედგენა და პედაგოგების მომზადება;
► ეროვნული უმცირესობების ენოვანი სკოლებისთვის პედაგოგების მომზადების და გადამზადების გამართული სისტემის ჩამოყალიბება;
► სკოლებში მაღალპროფესიული პედაგოგების მოზიდვის გამჭვირვალე სისტემის შექმნა;
► გაგრძელდეს ეროვნული უმცირესობების ენოვანი სკოლების რეაბილიტაცია, რემონტი, აღჭურვა;
► ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების თანაზომიერი და სამართლიანი საკითხის ასახვა სახელმძღვანელოებში;
► სახელმძღვანელოების შედგენა რეგიონისა და ეთნიკური ჯგუფების სპეციფიკის გათვალისწინებით;
► სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენა და დაბეჭდვა საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
► მცირერიცხოვანი ეთნოსების (ოსური, ქისტური, ხუნძური, ასურული, ქურთული, უდიური) მშობლიური ენის სახელმძღვანელოების შედგენა და გამოცემა;
► მცირერიცხოვანი ეთნოსების (ოსური, ქისტური, ხუნძური, ასურული, ქურთული, უდიური) პედაგოგების მომზადების ხელშეწყობა;
► სახელმწიფო ენის შესწავლის სისტემის გაძლიერება. პედაგოგების, საჯარო მოხელეების, ბიზნესში ჩართული ადამიანებისა და სხვა დაინტერესებული პირების ხელშეწყობა, წახალისება, სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზება;
უმაღლესი განათლება
► დაფინანსების სისტემის გაზრდა და სასტიპენდიო ფაკულტეტების განსაზღვრა ადგილობრივი სპეციფიკის მიხედვით (პედაგოგი, ექიმი და სხვა);
► ოსურ და აფხაზურ ენოვანი ტესტის საფუძველზე 1+4 სისტემით ჩარიცხული სტუდენტების უზრუნველყოფა საერთო საცხოვრებლით და სტიპენდიით;
► 1+4 სისტემისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის შეთავაზება.
► ბოშებისთვის პროფესიული სწავლების შეთავაზება. მათი მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომაროების გათვალისწინებით აუცილებელია, რომ სწავლების პერიოდში ბოშებს სტიპენდია შეთავაზოთ (რითაც ოჯახის საჭიროებების კომპენსაციას მოახდენს და ხელი არ შეეშლება პროფესიის მიღებაში). ბოშებთან კონსულტაციით სასურველია გამოიყოს რამდენიმე ადგილი სხვადასხვა სასწავლებლებში.