შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმდინარე წელს წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები დაადგინა.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, სამსახურმა ეს ფაქტები შეისწავლა მიმართვების საფუძველზე, ასევე თავად სამსახურის მიერ ვაკანსიების მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილზე შევიწროების შემთხვევების მონიტორინგის ფარგლებში.
შრომის ინსპექციის მიერ განხორციელდა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ერთეული ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება (როგორც მომართული საჩივრის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე), რომლის ფარგლებშიც დადგინდა რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით.
მაგალითად, შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა:
- გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განიხილება „სასიამოვნო გარეგნობის მდედრობითი სქესის“ წარმომადგენლის კანდიდატურა;
- სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე – მდედრობითი სქესის წარმომადგენლის კანდიდატურა 18-50 წლის ჩათვლით;
- ვაკანსია არ ეხებოდა ჭარბწონიან აპლიკანტებს, რადგან მათ მიერ ვერ მოხდებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება;
- გაყიდვების კონსულტანტი გოგონა 18-დან 30 წლამდე და ა.შ.
სამსახურის ცნობით, წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა დაეფუძნა შემდეგ გარემოებების შემოწმებას:
- პირს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთაგან განსხვავებულად ეპყრობიან;
- განსხვავებული მოპყრობა პირს ზღუდავს ან ხელს უშლის შრომითი უფლებებით სარგებლობისას;
- არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის კანონით განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზანი;
- განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.
რაც შეეხება სამუშაო ადგილზე დასაქმებულის შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხს, შრომის ინსპექციის მიერ დადგენილ იქნა დამსაქმებლის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას.
შრომის ინსპექციის ცნობით, სწორედ ამ გარემოებების შესწავლის შედეგად 15-მდე ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება.
შრომის ინსპექციის სამსახურში ამბობენ, რომ დამსაქმებლის მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დაცვა ხელს უწყობს თანასწორი გარემოს შექმნას, რაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანაბარ ინტერესს წარმოადგენს.
დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის (რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა) მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.