დისკრიმინაციული ვაკანსიები კვლავ აქტუალური პრობლემაა | ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში შრომითი ურთიერთობები დისკრიმინაციის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სფერო იყო.

ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, დისკრიმინაციის ფაქტები ვლინდებოდა როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო დასაქმების ადგილებზე. უთანასწორო მოპყრობა ხშირად გამოიხატებოდა დასაქმებულისთვის მტრული გარემოს შექმნაში, მისი განსხვავებული მოსაზრების გამო. ისევ აქტუალური იყო სქესის, ასაკის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ვაკანსიების შესახებ განცხადებების გავრცელება. საანგარიშო პერიოდში, ასევე გამოიკვეთა, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, მედიის წარმომადგენლების შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები

„დასაქმების ადგილებზე მტრული და ღირსების შემლახველი გარემოს შექმნა, წინა წლების მსგავსად, ძირითადად, განსხვავებული მოსაზრების საფუძვლით დგინდებოდა, თუმცა ერთ-ერთ საქმეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნითაც გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით პრობლემური იყო იმის გათვალისწინებით, რომ შესაფასებელი ქმედებები, უმეტესად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში გააქტიურდა.

შევიწროების ფაქტები გამოვლინდა როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე კერძო კომპანიებში. დისკრიმინაციული ქმედებები კი, რომლებიც სამუშაო ადგილზე შევიწროების შემადგენლობას ქმნიდა, გამოიხატებოდა: არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომუნიკაციის ფორმების გამოყენებაში, ფულადი ჯილდოს გაუცემლობაში, სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნასა და სხვ. ყველაზე ხშირად, დამსაქმებლები პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივების დაფარვას ისეთი ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლების გამოყენებით ცდილობდნენ, როგორიცაა რეორგანიზაცია, დისციპლინური სამართალწარმოება, დასაქმების ვალდებულების არარსებობა…

დისკრიმინაციული ვაკანსიები

ომბუდსმენი ანგარიშში აღნიშნავს, რომ ვაკანსიების შესახებ დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველ განცხადებებზე არაერთი რეაგირების მიუხედავად, ამგვარი შინაარსის განცხადებების ცალკეულ ვებგვერდებზე განთავსება კვლავ აქტუალური პრობლემაა, რაც ხელს უწყობს სქესის, ასაკის თუ სხვა საფუძვლით საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტერეოტიპების გამყარებას…

ასეთი განცხადებების სიმრავლე მოწმობს, რომ დასაქმების სფეროში თანასწორობის პრინციპის დაცვის პრობლემა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როგორც დასაქმების სხვადასხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული დისკრიმინაციული განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, დამსაქმებლები, უმეტესწილად, სამუშაოდ იწვევენ კონკრეტული სქესისა და ასაკის კანდიდატებს, ასევე, დასაქმების კრიტერიუმად, ხშირად, განსაზღვრულია „სასიამოვნო გარეგნობა“. სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, ასეთი მოთხოვნების საჭიროების დასასაბუთებლად, დამსაქმებლებმა ლეგიტიმური არგუმენტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ წარმოადგინეს…

ქართულ რეალობაში ხშირია მკვეთრი მიდგომა, თუ რა სახის სამუშაო უნდა შეასრულოს „ქალმა“, „კაცმა“ თუ „სასიამოვნო გარეგნობის“ მქონემ. ვაკანსიების შესახებ განცხადებების დისკრიმინაციული შინაარსის ტექსტების შემუშავება და სხვადასხვა ჯგუფისთვის დაბრკოლებების შექმნა, უმეტესად, გენდერულ როლებთან დაკავშირებით დამსაქმებლების წარმოდგენებით არის განპირობებული”, -– ვკითხულობთ ანგარიშში.