ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად, 7 მოქალაქისთვის დაკისრებული 3 000-ლარიანი ჯარიმა, ჯამში 21 000 ლარი, გააუქმა.
„2020 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მომართეს გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო დააჯარიმეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრი ამბობს, მოქალაქეები ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევდნენ, რადგან არ იმყოფებოდნენ ერთად.
„3 ადამიანი იდგა ცალკე 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და გამოწერა შვიდი 3000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მათ გორის რაიონულ სასამართლოს მიმართეს და მოითხოვეს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გაუქმება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.