დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის სურვილი ამ დროისთვის 5 552-მა მშობელმა გამოთქვა

პუბლიკა

1 ოქტომბრიდან, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა.

როგორც „პუბლიკას“ განათლების სამინისტროში უთხრეს, ამ დროის მონაცემებით, ონლაინფორმატით სწავლის გაგრძელება 5 552 მშობელმა ისურვა. აღნიშნულ ოთხ ქალაქში I-VI კლასებში სულ 132 422 მოსწავლე ფიქსირდება.

მშობლების გადაწყვეტილება, განაცხადენ მათი სურვილის შესახებ რათა ბავშვებმა ონლაინფორმატით განაგრძონ სწავლა, კონკრეტული ვადებით არ არის შეზღუდული, შესაბამისად, მონაცემები ეტაპობრივად ახლდება.

24 სექტემბერს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მშობელი ჩათვლის, რომ ურჩევნია ბავშვმა სწავლა ონლაინფორმატით განაგრძოს, სკოლა ამას უზრუნველყოფს.

„ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, რომ თუ მშობელი მიიღებს გადაწვეტილებას, რომ ურჩევნია, ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ამის შესაძლებლობა ექნება. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში, თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ, დისტანციურად სწავლა, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინისტროს გვერდზე. სკოლები დაუკავშირდებიან მოსწავლეთა მშობლებს და მშობლები დარეგისტრირდებიან. სისტემა მოქნილია და ყველას ინტერესს ითვალისწინებს“,- განაცხადა ჩხენკელმა.