დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ გაართულა ბავშვის ქცევით, ემოციურ და ფიზიკურ ნიშნებზე დაკვირვება, ძალადობის გამოვლენა – ომბუდსმენი

პუბლიკა

8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელშიც შეფასებულია ბავშვთა უფლებებზე კოვიდ 19-ის პანდემიის ზემოქმედება და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები სამი ძირითადი მიმართულებით: ბავშვების დაცვა ძალადობისგან, ზოგადი განათლების უფლება და ალტერნატიული ზრუნვა.

კვლევის მიზანი იყო COVID-19-ის პანდემიის დროს ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, სახელმწიფოს მიერ პანდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიღებული ზომების ბავშვის უფლებებზე ზემოქმედების შესწავლის გზით.

სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შინაარსიდან გამომდინარე, საკვლევად შეირჩა შემდეგი თემატური მიმართულებები: ალტერნატიული ზრუნვა; ზოგადი განათლება; დაცვა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან.

როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, გაართულა ბავშვის ქცევით, ემოციურ და ფიზიკურ ნიშნებზე დაკვირვება და ძალადობის ნიშნების გამოვლენა;

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო, შემცირდა სკოლის მხრიდან ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინების რაოდენობა;

გაზრდილი რისკის მიუხედავად, არ შეინიშნება სახელმწიფო უწყებებისადმი მიმართვიანობის არსებითი მატება. რიგ შემთხვევებში, მიმართვიანობა მცირედით არის გაზრდილი ან შეინიშნება კლების ტენდენცია;

ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი პროცედურების ჩატარება ძალიან გართულდა და დროში გახანგრძლივდა. ამასთანავე, სახელმწიფო სერვისების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ სერვისის ეფექტიანობა რისკის ქვეშ დააყენა;

საკარანტინე სივრცეში მოთავსება და თვითიზოლაცია დამატებითი სტრესის მომტანია არასრულწლოვნისთვის. ეს ზომა არ ითვალისწინებდა ბავშვების სპეციალურ საჭიროებებს და კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფ არასრულწლოვნებს ვერ სთავაზობდა სტრესთან გამკლავების ეფექტიან მეთოდებს;

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, ასევე, სოციალური ღონისძიებების შეზღუდვამ, ხელი შეუწყო ბავშვების იზოლაციას, რამაც, სახლის/დაწესებულების პირობებში ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, ბავშვებისთვის სტრესული გახადა;

აქვერ ვკითხულობთ, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნების შემდეგ უფრო დათრგუნულები იყვნენ; პანდემიისა და შეზღუდვების დაწესების საწყის ეტაპზე, სტაბილურად კარგი იყო ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა, თუმცა დროთა განმავლობაში, მიუხედავად იმისა, მოიხსნა თუ არა დაწესებული შეზღუდვები, ბავშვების ქცევა გართულდა.

კვლევაში მონაწილე ჯგუფები იყვნენ: სახელმწიფო ზრუვაში მცხოვრები ბავშვები. მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები; მცირე საოჯახო ტიპის სახლის თანამშრომლები; დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულების თანამშრომლები;  საჯარო სკოლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული სკოლა-პანსიონატების მოსწავლეები; საჯარო სკოლებისა და სკოლა-პანსიონის თანამშრომლები; ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებისა და დღის ცენტრების, სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები და თანამშრომლები; სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

კვლევა მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და აზიის რეგიონული ოფისის (UNICEF ECARO), გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა და ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) მხარდაჭერით.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.