„დისტანციურად ჩართვა ვერ მოხერხდა" — მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული პროცესი გადაიდო

პუბლიკა

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი გადაიდო.

„ბათუმელების” ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის თქმით, მიზეზი ის გახდა, რომ ვერ მოხერხდა მზიას და მისი ადვოკატის პროცესზე დისტანციურად ჩართვა.

ანანიძემ ასევე თქვა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და თანდართული მასალები მზია ამაღლობელს და მისი დაცვის მხარეს ამ დრომდე არ ჩაბარებია.

„ეს დაადასტურა შსს-მ დღევანდელ სხდომაზე, სანამ ის გადაიდებოდა. სასამართლომ ვერ განმარტა, რატომ ვერ მოხერხდა მზია ამაღლობელის დისტანციურად ჩართვა. რატომ არ გადაუციათ ოქმი და მასალები, მკაფიო პასუხი არ გაუციათ შსს-ის წარმომადგენლებს. რაც შეეხება დაკავების ოქმს, ეს ოქმი არის გაყალბებული”. – ამბობს ჯაბა ანანიძე.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, მეორედ კი, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი – სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე.

პირველად მზია დააკავეს იმის გამო, რომ მან პოლიციის შენობის კედელზე მიაკრა სტიკერი წარწერით: „იფიცება საქართველო”.

დაკავების დროს გადაღებულ კადრებში ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა – დგებუაძე ამბობს, რომ მზიამ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. 150-ე მუხლი დაკავებას არ ითვალისწინებს.

ამაღლობელის დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ის დაკავებულია 173-ე — პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით.

ამავე კადრებიდან ირკვევა, რომ ტყუილია, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს ეძახდა „ძაღლებო, ღორებო“, როგორც ამას პოლიცია ამტკიცებს.

ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, სწორედ იმის გამო, რომ 150-ე მუხლი დაკავებას არ ითვალისწინებს, ოქმში ჩაიწერა 173-ე მუხლი და ის, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას.

თუმცა, დაკავების კადრები საპირისპიროს ამტკიცებს.

მეორედ მზია ამაღლობელი დააკავეს მალევე მას შემდეგ, რაც ის ადმინისტრაციული დაკავებიდან გაათავისუფლეს. ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. ამის გამო მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავების კადრებში ისმის ირაკლი დგებუაძის ხმა, რომელშიც ის ყვირის: „სისხლით დავიჭერ, ბო***** ვიყო, სისხლით”.

„ბათუმელების“ დამფუძნებელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი დაკავების წუთიდან შიმშილობს – უკვე 37-ე დღეა. ის უსამართლობას აპროტესტებს.  ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.