პარლამენტში კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია პარლამენტის სასახლის გამართული მუშაობა, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობა შეიძლება წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
სხდომაზე პროექტთან დაკავშირებულ რისკსა და გასათვალისწინებელ საკითხებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ.
„რისკი უნდ გაანალიზდეს. რისკი უკავშირდება როგორც კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ასევე ნებისმიერი სხვა შემთხვევა წარმოვიდგინოთ, როდესაც ჩვენ ვართ დარბაზში, ასეთ დროს ჩვენი იძულება არის შეუძლებელი, როდესაც ჩვენ ოთახში ვართ და დისტანციურად ვმონაწილეობთ კენჭისყრაში ასეთ დროს ჩვენი იძულება, დაშინება არის ბევრად მარტივად შესაძლებელი, ამიტომ ეს რისკიც არის გასათვალისწინებელი.
არსებობს დამზღვევი მექანიზმები კონსტიტუციაში. ჩვენ ძალიან კარგად გავიარეთ ის თავი, რომელიც უკავშირდება თავდაცვას, უსაფრთხოებას. რომელიც უკავშირდება საგანგებო და საომარი მდგომარეობას და კარგად არის დაზღვეული ყველაფერი. კერძოდ, თუ არის ისეთი ვითარება, როდესაც არის გამოსაცხადებელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ეს მდგომარეობა იმთავითვე მოქმედებს, როგორც კი აქტი გამოიცემა და მხოლოდ იმ შემთხვევაში წყდება, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ მდგომარეობის გამოცხადებას. თუ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი ფიზიკურად ვერ იკრიბება, ამ შემთხვევაში გრძელდება საგანგებო და საომარი მდგომარეობა და მთავრობას და პრეზიდენტს აქვთ დეკრეტების გამოცემის საშუალება.
ეს რისკები ისედაც დაზღვეულია, ანუ აუცილებელი არ არის პარლამენტის შეკრება იმისათვის, რომ გაგრძელდეს სახელმწიფოს ფუნქციონირება საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს. შესაბამისად, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტლებას მივიღებთ, კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ რისკები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.