დისტანციური სწავლების რეკომენდაციები სსსმ მოსწავლეებისთვის

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან.

სამინისტროში ამბობენ, რომ მათი მიზანია, დისტანციური სწავლების რეჟიმში საგნის მასწავლებლებმა სხვადასხვა ფორმით პროცესში აქტიურად ჩართონ სსსმ მოსწავლეები, მათი საჭიროებების შესაბამისად და შეძლონ მათთან ემოციური და სოციალური კავშირის შენარჩუნება.

ამ მიზნით სამინისტრომ შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა:

– სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები დაეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის აქტივობების დაგეგმვაში, რომლებიც შეირჩევა ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან. საგნის მასწავლებლებსა და მშობლებთან თანამშრომლობით შესაძლებელია ახალი მოკლევადიანი მიზნებისა და აქტივობების შექმნაც.

– ეფექტიანი იქნება, თუ სპეციალური მასწავლებლები დაიცავენ ბალანსს აკადემიური და კოგნიტური უნარების განმავითარებელი აქტივობების შერჩევისას, მაგალითად, დისტანციურად მოწოდებულ დავალებებში გაითვალისწინებენ როგორც მათემატიკის, თხრობის, წერის, კითხვისა და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობის, ასევე, სახალისო, მოძრავ აქტივობებს, რომლებიც ჭრას, ძერწვას და ა.შ მოიცავს. შესაძლოა, დავალება იყოს გაკვეთილის თემის შესაბამისი ანიმაციის ნახვა და იმის მიხედვით ნახატის შექმნა, ასევე ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ა.შ.

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დისტანციური სწავლების ფორმატით მუშაობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მოტივაცია, რათა ერთგვარი ასისტირება გაუწიონ მოსწავლეებს.

– სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები პერიოდულად უკავშირდებიან სპეციალურ მასწავლებლებს და სთხოვენ უკუკავშირს, უწევენ კონსულტირებას.

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა განათლებას ხელს შეუწყობს პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატია. „ტელესკოლაში“ გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. „ტელესკოლის“ პროექტის თავისებურებიდან გამომდინარე, ის დიდ დახმარებას გაუწევს უსინათლო ან მცირე მხედველ მოსწავლეებსაც, რომლებიც გაკვეთილებს მოისმენენ.

სამინისტროში ამბობენ, რომ „ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება მოკლე ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომელთაც აქვთ აკადემიური და კოგნიტური უნარების სირთულე.

„ტელესკოლა“ ძალიან სასარგებლო იქნება მიუსაფარი ბავშვებისთვისაც, რომლებიც ამ ეტაპზე დროის უმეტეს ნაწილს დღის ცენტრებში ატარებენ“, – ამბობენ სამინისტროში.