დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს - რას ამბობს სარჯველაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, რომ საქართველოში შემოვიდეს ახალი და თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც ამერიკისა და ევროპის ბაზარზე უკვე გაყიდვაშია.

მშობლები აცხადებენ, რომ თვეების განმავლობაში სამინისტროსთან დიალოგი ერთი და იგივე თემებზე მიმდინარეობს, ამ პერიოდის განმავლობაში კი ბავშვების მდგომარეობა უარესდება. აქციაზე შეკრებილებთან მივიდა „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მან მშობლებს კამერების გარეშე გასაუბრება შესთავაზა.

„ორი წელი გავიდა ბატონო მიხეილ ამ საუბარში და ქმედითი ნაბიჯი ერთი არ [ყოფილა]. ჩვენ პროცესის დაწყებას ვითხოვთ, არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი“, – უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიხეილ სარჯველაძეს.

სარჯველაძემ საპასუხოდ თქვა, „კამერებთან სხვანაირად ნუ ილაპარაკებთ, კამერის მიღმა ასეთი რამ შეხვედრაზე არასდროს არ თქმულა“.

„ყოველი დღე და საათი არის მნიშვნელოვანი, ბავშვები გვეღუპება, თუ ეტლში ჩაჯდა, შეიძლება ვეღარ გაიაროს“, – თქვა აქციის მონაწილემ.

მოგვიანებით მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მსოფლიოში ახალხან გამოჩდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია არსებობს და მთავარი გაირკვეს, რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტი:

„ამ დაავადების სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახლახან გამოჩნდა მსოფლიოში, ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვაგვარი, არაერთგვაროვანი ინფორმაცია… ჩვენთვის მთავარი რაც არის, გავარკვიოთ, რამდენად უსაფრთხოა ეს მედიკამენტი და რამდენად შესწევს რეალურად ძალა, რომ იყოს ქმედითი დამხმარე საშუალება. მარტო ის, რომ კომპანიას აქვს მოტანილი ინფორმაცია, ან ცალკეული წყაროებიდან ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მედიკამენტი სასარგებლოა, ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმის გადასაწყვეტად, რომ ეს მედიკამენტები, ყველა მათგანი, არის აუცილებლად უსაფრთო. ამ საკითხების გარკვევა ვიდრე არ მოხერხდება, ზუსტად ინფორმაციის დადგენა, მანამდე სახელმწიფო პროგრამებში ამის ჩართვა, საკმაოდ რთულია“, – ამბობს სარჯველაძე.