ჟან ნოელ ბარო: აშშ-ს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში წითელი ხაზები გავაცანით

პუბლიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ნოელ ბაროს თქმით, ევროპელმა ლიდერებმა აშშ-სთან გასულ კვირას ილაპარაკეს საკითხებზე, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში.

უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებმა ხუთშაბათს პარიზში დონალდ ტრამპს ომის დასრულების შესახებ თავიანთი ხედვა გაუზიარეს.

ლიდერები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეხვედრის მორიგ რაუნდს 23 აპრილს ლონდონში გამართავენ.

„ერთადერთი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაღელვებს, არის საფრანგეთის ინტერესების დაცვა და ევროპული უსაფრთხოება. ეს არის მიზეზი, რის გამოც აშშ-მა გადაწყვიტა, მედიატორის ფუნქცია იკისროს. ჩვენ მათ „წითელი ხაზები“ გავაცანით“. – თქვა ჟან ნოელ ბარომ.

შეკითხვაზე, სარწმუნოა თუ არა ტრამპის მტკიცება იმის შესახებ, რომ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება მიმდინარე კვირას გამოცხადდეს, ბარომ თქვა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული.