ჟენევაში უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობით 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებების მიზნით შეხვედრა იმართება.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას აშშ-ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და იტალიის წარმომადგენლები იღებენ.
აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, არმიის მდივანი დენ დრისკოლი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი წარმოადგენენ.
უკრაინის დელეგაციას ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „კარგია, რომ დიპლომატია განახლდა და საუბარი შეიძლება, კონსტრუქციული იყოს“. ის იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები დადებით შედეგს მოიტანს.
„ამჟამად გუნდები, რომლებიც მუშაობენ ომის დასრულების ნაბიჯებზე, შვეიცარიაში შეხვედრებს მართავენ. კარგია, რომ დიპლომატია განახლდა და საუბარი შეიძლება, კონსტრუქციული იყოს.უკრაინული და ამერიკული გუნდები, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორების გუნდები, მჭიდრო კონტაქტში არიან და ვიმედოვნებ, რომ შედეგი იქნება.
სისხლისღვრა უნდა შეჩერდეს და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი აღარასოდეს განახლდეს.
ველოდები დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს და ვიმედოვნებ, რომ ყველა მონაწილე კონსტრუქციული იქნება. ჩვენ ყველას დადებითი შედეგი გვჭირდება“, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ „საბოლოო შეთანხმება არაფერზე მოხდება“, ვიდრე აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს არ შეხვდებიან.
„ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო დეტალებს დავაზუსტებთ, რათა შევიმუშაოთ შეთანხმება, რომელიც მათთვის [უკრაინა] სასარგებლო იქნება“, – თქვა მაღალჩინოსანმა.
Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ტრამპის სამშვიდობო გეგმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა.
გეგმას 28 პუნქტი აქვს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზის გაყინვას უკრაინის არმიის შემცირებას და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.
გეგმისვე თანახმად, დონეცკის ოლქის იმ ადგილიდან, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და ეს ზონა ნეიტრალურ, დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად ჩაითვლება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული იქნება, როგორც რუსეთის შემადგენლობაში მყოფი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს.
Axios-ის თანახმად, გეგმაში ნახსენებია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, არ არსებობს კონკრეტიკა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ უღალატებს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და შეეცდება „კონსტრუქციულად“ ითანამშრომლოს აშშ-სთან შემოთავაზებული შეთანხმების შესწორების მიზნით, რათა რუსეთს არ შეეძლოს იმის მტკიცება, რომ კიევს მშვიდობა არ სურს – „მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“.