ჟიგიმანტასი რომ ცნობილი გიჟიმანტასია თავისი გამოსვლებითა და მსჯელობით, ეს უკვე ვიცით; თავის ქვეყანაშიც იციან – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ლიეტუვის სეიმის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისისა და ენმ-ის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.
ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მისი „არაადეკვატური გამოხტომებისა და განცხადებების გამო“ ის „მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან“ ჩამოაქვეითეს და „გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი ლაქია“.
„მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ასეთი არაადეკვატური გამოხტომებისა და განცხადებების გამო ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი ლაქია. რატომ გახდა, ეს უნდა ვეძებოთ ძველ წარსულში – რა ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილის მთავრობას მასთან და რით ჰყავთ გამოჭერილი ეს კაცი, რომ ასეთ თემებზე ალაპარაკებენ, თუმცა ეს მისი უფლებაა.
ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, გიჟიმანტასები უამრავი გამოჩნდებიან. ერთია მთავარი, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობას; პატიმარ სააკაშვილს კონკრეტული ბრალი აქვს წარდგენილი და დამტკიცებული და შესაბამისად, სასჯელს ბოლომდე მოიხდის“, – განაცხადა ზარქუამ.
ჟიგიმანტას პავილიონისის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას კვირას, 1 მაისს შეხვდა.
„დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე იწვევს, სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას, ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს ბრძოლას თავისუფლებისთვის“, – დაწერა პავილიონისმა სოციალურ ქსელში.
როგორც ვრცელ განცხადებაში პავილიონისი ამბობს, ნიკა მელიამ აღიარა, რომ საქართველოში პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს ციხეში წასასვლელად, „რადგან ამ ქვეყანაში, სოციალისტური ალიანსის „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობისას (უფრო ზუსტად ერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირობებში), განსხვავებული აზრი დაუშვებელია.“
მისი განცხადებით, ერთი წლის წინ ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია „საქართველოს მმართველობის მზარდი ავტორიტარიზმი“, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებიდან სხვადასხვა ბრალი წარუდგინეს.
პავილიონისის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიუხედავად სიცოცხლისთვის მზარდი საფრთხისა და საერთაშორისო ძალისხმევისა, კვლავ პატიმრობაშია.
„უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისშიც, მთელ კავკასიაში, მინსკში, მთელ რეგიონში, რომელსაც პუტინის რეჟიმი ჯერ კიდევ ჭიმავს თავისი (ხილული და უხილავი) ძაფებით. სამომავლოდ, თავისუფალ სამყაროში ორ სკამზე ჯდომა აღარ იქნება შესაძლებელი, რადგან მასში მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც უკრაინელებთან ერთად იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.