„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ირაკლი კობახიძის დავალების საფუძველზე, დააფუძნეს ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. მისი თქმით, ეს ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი იყო „სამწუხარო პრაქტიკა“, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების კუთხით. მან ისაუბრა ყოფილი მაღალჩინოსნების წინაარმდეგ აღძრულ საქმეებზეც:
„ეს არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინ წინ, ეს არის შეიძლება ითქვას წლების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემები. იცით, რომ საბოლოო ჯამში რამდენიმე საქმეც კი არის აღძრული ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, რაც აჩვენებს სახელმწიფოს და დღევანდელი ადმინისტრაციის ძალიან მკაფიო დამოკიდებულებას ზოგადად კორუფციის, შესყიდვების ხარჯეფექტურობის ნაწილში და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი – დაგროვილი პრობლემები.
ჩვენ გვქონდა ასევე სამწუხარო შემთხვევები, როდესაც საქმეებიც კი არის აღძრული ამ მიმართულებით, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო და გაგვეტარებინა აუცილებელი შინაარსობრივი რეფორმები, მიგვეღო ძალიან შინაარსობრივი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაცია არის ის უწყება, რომელსაც ქვეყანაში მიჰყავს ეს საკითხი შესყიდვები სააგენტოსთან ერთად და პრემიერ-მინისტრის დავალების საფუძველზე, შეიძლება ითქვას რომ ეს არის გარკვეული ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, დავაფუძნეთ ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც ამოქმედდება მომავალი წლის მეორე ნახევრიდან“, – ამბობს ჟორჟოლიანი.
მისი განცხადებით, საბოლოოდ შეიქმნება ცენტრალური შესყიდვების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ყველა დიდ შესყიდვაზე ქვეყანაში და შესაბამისად ერთ უწყებას დააკვირდებიან.
ჟორჟოლიანის თქმით, ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ბაზრის კვლევების ჩატარება, შესყიდვა კონკრეტული ორგანიზაციისთვის.
„კონკრეტული სამინისტრო დაუკვეთავს ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს საქონლის ან მომსახურების შეძენას. ეს სააგენტო შეასრულებს მათ შორის, ტექნიკურ დავალებას რამდენად სწორად არის გაკეთებული, ხომ არ არის მორგებული კონკრეტულ ბრენდზე ან კომპანიაზე. შემდეგ განახორციელებს ბაზრის კვლევის პროცედურას შესყიდვის პროცედურას და შემდგომში გააკონტროლებს, რომ მიწოდება, შესრულება იყოს ხელშეკრულების შესაბამისი“, – თქვა მან.