ჟურნალისტ აფგან სადიგოვს საქართველოდან მხოლოდ აზერბაიჯანში წასვლის უფლებას აძლევენ 

პუბლიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, azel.tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ამბობს, რომ 17 ივლისს საქართველოს დატოვების საშუალება არ მისცეს.

მისი თქმით, ოჯახთან ერთად თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციამ უთხრა, რომ „მისი პასპორტი სისტემაში არ ჩანდა”, ამიტომ საქართველოდან „მხოლოდ აზერბაიჯანში შეუძლია დაბრუნება”.

აფგან  სადიგოვის თქმით, ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთაა.

კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თქმით, რომელიც 2017 წელს საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს, თუ სადიგოვი ქვეყანაში თავისით არ ჩავა, „ივანიშვილი მას ბაქოს ნებისმიერი გზით გადასცემს”.

„ეს დაკავშირებულია ჩემს კრიტიკულ პოსტებსა და ვიდეოებთან. ამჟამად ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ მიმდინარეობს. თუმცა, მგონია, რომ თუ აზერბაიჯანში დავბრუნდები, ჩემი კრიტიკული სტატიების გამო სხვა ჟურნალისტებივით დამაკავებენ. საქართველოშიც დამემუქრნენ. სამართალდამცავი ორგანოებიდან ჩემი ოჯახის აზერბაიჯანში მცხოვრებ წევრებსაც კი ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ მე არ შევწყვეტ ხელისუფლების კრიტიკას, ოჯახს კარგი მომავალი არ ელოდება”. – უთხრა სადიგოვმა „ამერიკის ხმას”.

„რადიო თავისუფლებისთვის” მიცემული ინტერვიუს თანახმად, აფგან სადიგოვი, რომელიც თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა. სადიგოვმა „რადიო თავისუფლებასთან” თქვა, რომ ციხეში ხანგრძლივმა შიმშილობამ ჯანმრთელობა შეურყია. ჟურნალისტი აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული.

2020 წელს ის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, 2 წლისა და 15 დღის შემდეგ ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. სადიგოვმა 242 დღის განავლობაში იშიმშილა.

„პუბლიკა” აფგან სადიგოვის საქმეზე შსს-ს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.