„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დადგენილების თანახმად, მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე „შურისძიების მოტივით“ თავდასხმას ედავებიან – ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი „თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა და სახეში დაარტყა“.
პროკურატურა, რომელიც სხდომაზე პატიმრობას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ „არსებობს მიმალვის საფრთხე, რადგან სასჯელი ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. უწყების წარმომადგენლის მტკიცებითვე, „არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების შუამდგომლობას და უსაფუძვლო უწოდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ წინასწარი პატიმრობა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება და არ უნდა იყოს დასჯის მიზნით გამოყენებული.
„მიმალვის საფრთხეს რაც შეეხება, აუცილებელია, ეს საფრთხე დასაბუთდეს და არაა საკმარისი მხოლოდ მოსალოდნელი მაღალი სასჯელი, აქ უნდა იყოს დამატებითი გარემოებები. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მიუთითებს ამ საფრთხეზე
რაც შეეხება ადმინისტრაციულ დაკავებას, ამის კანონიერება სასამართლოს არ შეუმოწმებია და ეს ადმინისტრაციული დაკავება არ შეიძლება გახდეს ქცევის განმსაზღვრელი.
ბრალდებულს პარკირების ჯარიმაც კი არ აქვს, არათუ წარმოადგენდეს საზოგადოებისთვის საფრთხეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატმა ისაუბრა მზია ამაღლობელის პროფესიულ და ეთიკურ რეპუტაციაზე, თქვა, რომ ის არის ძალიან სანდო და რეპუტაციული მედიების დამფუძნებელი.
დაცვის მხარემ პროცესზე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკავებისას დაირღვა მზია ამაღლობელის უფლებები – ის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ადვოკატის გარეშე და უფლებადამცველს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვის უფლებას არ აძლევდნენ.
წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.
გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.
„ბათუმელების“ ცნობით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ამაღლობელმა მას დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განუცხადა.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
მათი ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა.