ჟურნალისტების პირდაპირი ჩაბმა აქციებში არ აისახება ჯანმრთელად მედიაგარემოზე - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„იმას, რასაც ვუყურებ ბოლო დღეების განმავლობაში, რაღაც ერთგვარი აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ახლა ბოლო დღეების განმავლობაში არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი“ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.

ღარიბაშვილის ამბობს, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სიკვდილით სპეკულირებენ და მანიპულირებენ, რაც „ამორალური საქციელია“.

„სამწუხაროდ, მე მინდა კიდევ ერთხელ თქვენ (ჟურნალისტებს) მოგისამძიმროთ, თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ყველასთვის. მაგრამ, ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს, რა თქმა უნდა, ერთადერთი დესტრუციული ძალა – ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას“, – ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრი სამწუხაროდ აფასებს იმ ფაქტს, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და აქციებში ჟურნალისტები არიან ჩართულები:

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირაა ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს არ აისახება ჯანმრთელად და კარგად არ აისახება მედიაგარემოზე, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება და ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველო მედიის თავისუფლებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

„2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის ერთ-ერთი მოწინავე – ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვასწრებთ წინ და ჩვენთან მედიათავისუფლება არის აბსოლუტურად გარანტირებული. სულ რაღაც ორი კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ თავისუფლად დაიწყოს ოპერირება საქართველოში“, – ამბობს ღარიბაშვილი.


5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობრივი თავდასხმების გამო არ შედგა.

მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტიზა.