მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი დაიწყო. ბრიფინგის დაწყებამდე, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გამოვიდა, ჟურნალისტები ტრიბუნის წინ ავიდნენ და გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოებით ხელში დადგნენ.
ჟურნალისტების ერთწუთიანი გამოსვლის შემდეგ შეძლო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფიგის დაწყება. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს.
11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.