ევროპარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.
„ჟურნალისტების სიტყვიერი შაურაცხყოფისა და ცილისწამების შესახებ სარჩელების ზრდა მმართველი გუნდის მხრიდან, 5 ივლისის მოვლენები და ხელისუფლების რეაგირება, მუხთარლისა და გვარამიას საქმეები – ტექსტში მოყვანილია ის ძირითადი ფაქტები და საკითხები, რომლიდან გამომდინარეც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია შეიმუშავეს.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვკითხულობთ:
ა. ვინაიდან ასოცირების შეთანხმებით, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 1 ივლისიდან, საქართველომ და ევროკავშირმა გამოთქვეს მზაობა, რომ აწარმოონ პოლიტიკური დიალოგი დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლების გასამყარებლად;
ბ. ვინაიდან საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის, რითიც მოახდინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება. ევროპული მისწრაფებებისა, რაც საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის, ოპოზიციაში ფართო მხარდაჭერით სარგებლობს;
გ. ვინაიდან, გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსააფრთხოება ჯანსაღი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლების მხრიდან მათი დაცვა კი მიუთითებს დემოკრატიის კონსოლიდაციაზე. ვინაიდან პლურალისტური, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის ქვაკუთხედი და ერთ-ერთი მთავარი საყრდენია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში;
დ. ვინაიდან, 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით დაიდო, ხაზს უსვამს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხზე მუშაობას, მათ შორის, სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმის მიღებითა და განხორციელებით, რათა გაიზარდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
ე. ვინაიდან 2021 წლის 5 ივლისს, შემდეგ იძულებით გაუქმებული, „თბილისის პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის გასაშუქებლად გამოსული 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი და მშვიდობიანი დემონსტრანტი უმეტესწილად ულტრამემარჯვენე აქტივისტების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ხოლო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ამ თავდასხმის გამო მალევე გარდაიცვალა მიყენებული დაზიანებებით;
ვ. ვინაიდან რამდენიმეწლიანი გაუმჯობესების შემდეგ საქართველოში მედიაგარემო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფად გაუარესდა და 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მარშის წინააღმდეგ ძალადობიდან მოყოლებული, დაფიქსირდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა.
რასაც ასევე ასახავს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შეშფოთებები მედიის თავისუფლების შესახებ და საქართველოს მნიშვნელოვანი დაქვეითება პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში (71.36 ქულიდან და 180 ქვეყანას შორის 2021 წლის რეიტინგში მე-60 ადგილიდან, 2022 წელს 59.9 ქულამდე და 89-ე ადგილამდე დაქვეითება);
ზ. ვინაიდან, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ სარჩელები, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირების მიერ;
ვინაიდან, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ აღნიშნა, სასამართლო პრაქტიკა მტკიცების ტვირთს აკისრებს ჟურნალისტებს, მიუხედავად ცალსახა საპირისპირო დებულებისა საქართველოს კანონმდებლობაში; ხოლო ჟურნალისტებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში მომუშავე რეპორტიორებს, ექმნებათ სირთულეები საჯარო ინფორმაციის მოპოვებაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
თ. ვინაიდან, გამოძიებებში იყო გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ნაკლებობა, რამაც ხელი შეუწყო დაუსჯელობის აღქმას იმ პირთა შორის, ვინც ჩაიდინა დანაშაული ჟურნალისტების მიმართ;
ი. ვინაიდან. 2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ექვს პირს ორ ოპერატორსა და ჟურნალისტზე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი თავდასხმის გამო;
კ. ვინაიდან. 2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორს ნიკა გვარამიას მიესაჯა სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და მის წარსულთან დაკავშირებული საეჭვო ბრალდებით ფულის გათეთრების, მექრთამეობასა და დოკუმენტების გაყალბების საქმეზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს. სასჯელი კი ფართოდ იქნა აღქმული მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობად; ეს საქმე საქართველოს სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა ჯერ კდიევ 2019 წელს;
ლ. ვინაიდან, ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას არამარტო სასამართლო სისტემოს, არამედ თავად მთავრობის მიმართაც, ხოლო ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიამფლობელების წინააღმდეგ მსგავსი საქმეების წარმოება ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას;
მ. ვინაიდან, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მდგომარეობაც გამუდმებით უარესდებოდა, საბოლოოდ გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში დამოუკიდებელი ექიმების მოსაზრებებზე დაყრდნობით, რომ სხვაგვარად მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა;
ნ. ვინაიდან, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) სპეციალური მენეჯერების დანიშვნის უფლებას აძლევს სატელეკომუნიკაციო კომპანიებში, რომლებიც აღასრულებენ კომისიის გადაწყვეტილებებს;
ო. ვინაიდან აღძრულია საქმეები სხვა კრიტიკული მედია გამოცემების მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. კერძოდ, საქმეები „ფორმულას“ თანამესაკუთრის დავით კეზერაშვილის და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „TV პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის მიმართ;
ვინაიდან, 2022 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ და პარტია „ლელოს“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი, ვახტანგ წერეთლის მამა, თაღლითობაში დაადანაშაულა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სასჯელი შეიცვალა ხანდაზმულობის გამო;
პ. ვინაიდან, ბოლო წლებში საქართველოში იზრდება რუსული დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. განსაკუთრებით კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომლის სამიზნეც, მათ შორის, ქალები, ლგბტქი+ თემი, უფლებადამცველები და ეთნიკური უმცირესობები არიან;
ჟ. ვინაიდან, ბევრმა ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ ისინი იყვნენ ქართული საზოგადოების იმ წევრთა შორის, რომელთა საუბარიც იწერებოდა, რასაც ცხადყოფს უკანონო მოსმენების გასაჯაროება 2021 წლის სექტემბერში;
რ. ვინაიდან გამოძიებას არ წარმოუდგენია ხელშესახები შედეგები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, რომელიც საქართველოში 2017 წლის მაისში გაიტაცეს და უკანონოდ გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე ბაქოში სასამართლოს წინაშე წარსადგენად. საქმეზე, რომელშიც ვარაუდობდნენ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
ამ ფაქტებზე დაყრდნობით:
1. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედიაგარემოსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს მყარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას.
2. გმობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობისა და დევნის შემთხვევების ზრდას. მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის წესით დევნას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ზედმიწევნით გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები ჟურნალისტებსა და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და მისი წაქეზებისთვის. რაც შეცვლიდა ამგვარ დანაშაულებზე დაუსჯელობის განცდას. მოუწოდებს საქართველოს, რომ შეზღუდოს სტრატეგიული მნიშვნელობის კანონმდებლობა საჯარო შეკრებებში მონაწილეობის შესახებ, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებათა დამცველებსა და მედიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკულ და დამოუკიდებელ მუშაობაში ხელის შეშლას.
3. მოუწოდებს საქართველოს, რომ უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რამაც უნდა მოიცვას სარედაქციო დამოუკიდებლობა, მედიაორგანიზაციების მფლობელთა გამჭვირვალობა და პლურალისტური, მიუკერძოებელი და პოლიტიკური შეხედულებების არადისკრიმინაციული გაშუქება კერძო და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემებში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი და უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოება, დაცულობა და გაძლიერება.
4. გმობს 2022 წლის 16 მაისს მთავარი პროოპოზიციური ტელეარხის, „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რაც ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას. საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ; იწონებს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას, რომ განიხილონ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი; კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმის გადაუდებელ საჭიროებას, რომ მთავრობამ რეალურად გააგრძელოს სასამართლო სისტემის რეფორმა მრავალპარტიული, ფართო და ინკლუზიური გზით, რათა გაზარდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
5. მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან და მხარი დაუჭიროს ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს საჯარო განცხადებების დროს.
6. კატეგორიულად გმობს საფუძვლიანი გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობას იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია თბილისში ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის დროს; მიუთითებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში დაუშვებელია ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა, რადგან ეს არღვევს საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასა და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებებს.
მოუწოდებს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების ქმედითი გამოძიებისკენ; გმობს განგრძობად დისკრიმინაციას ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ; დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრული იმპლემენტაცია მოახდინოს
7. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება მოსმენების სკანდალის საკითხზე და დანერგოს სათანადო მექანიზმები დემოკრატიული ზედამხედველობისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ინფორმაციის შეგროვებაზე.
8. ხაზგასმით აღნიშნავს საჭიროებას, რომ გარანტირებული იყოს უსაფრთხო და ხელშემწყობი სამუშაო გარემო ჟურნალისტებისთვის, მედია მუშაკებისთვის, ინფორმაციის საშუალებებისთვის როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში. მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ რუსეთიდან, ბელორუსიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებიდან. მოუწოდებს საქართველოს გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობა რომ გააუმჯობესოს მედიაგარემო და შესაბამისი კანონმდებლობა საუკეთესო საერტაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
9. აფასებს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ქმედებებს მედიის დასაცავად, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ მუდმივი თავდასხმებისა.
10. აღიარებს საქართველოში არსებულ მრავალფეროვან და პლურალისტურ მედია ლანდშაფტს, მაგრამ სინანულს გამოხატავს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ისევე, როგორც ოპოზიციურ პარტიებსა და პროსამთავრობო მედიას შორის; ღრმად წუხს მედიის ლანდშაფტის პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს მზარდ და დამაზიანებელ პოლარიზაციაზე პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
11. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ.
12. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლით, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება და მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ;
13. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის მუდმივი ზრდის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას განავითაროს მედიაწიგნიერების განათლების პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას „ფაქტ-ჩეკის“ (ფაქტების გადამოწმების“) მექანიზმების შექმნაში, აქტიური ნაბიჯები გადადგას ადგილობრივი თუ უცხოელი აქტორების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიების პრევენციისთვის, რომელიც მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ, ისეთი დაუცველი ჯგუფების ან პირების წინააღმდეგ, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების თემებში, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები პირები და პოლიტიკური პარტიები.
14. ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის გამოყენების მცდელობისგან, რომლის სამიზნეც პოლიტიკური ოპონენტები არიან, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას;
15. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებას და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის;
15 ა. გამოხატავს შეშფოთებას დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ასრულებს ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის იმ დონეზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის გამოაშკარავებული პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით; მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.
16. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ იმ აქტივობებს, რომლებიც აკონტროლებენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ საქართველოში საინფორმაციო მედიის სექტორის ტრანსფორმაციასა და კონკურენტუნარიანობას;
17. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში, და ამით ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა რეალიზდეს ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებები. ამას მოწმობს ქვეყნის 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე. ევროპარლამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური სწრაფვა იმსახურებს ხორცშესხმას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად. ეს უნდა მოხდეს დამსახურების საფუძველზე და შემდეგი პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს;
18. ევროპარლამენტი ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.