ჟურნალისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს და უწყებას საერთო წერილით მიმართეს

პუბლიკა

დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს პროკურატურასთან. ისინი მოძალადეებისა და ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორთა დასჯას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა პროკურატურაში წერილიც შეიტანეს, რომლითაც მედიის წარმომადგენლები ირაკლი შოთაძისგან ითხოვენ დამნაშავეების დასჯას:

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის 5 ივლისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სხვადასხვა მედია საშუალებების 53 ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს. მითითებული ძალადობის ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ მედია საშუალება ალტ ინფოს ხელმძღვანელები და წამყვანები. აღნიშნული დასტურდება მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით და ძალადობისკენ მოწოდებით. 5 ივლისის შემდეგ ხსენებული მედიის ეთერში მისი ხელმძღავენელები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე და სხვები აგრძელებენ მოწოდებებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობისკენ და ემუქრებიან ჟურნალისტებს რომ მომავალშიც მოხდება მათზე ანგარიშსწორება.

გთხოვთ, გვაცნობოთ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მედია საშუალების ალტ ინფოს ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცახდებებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირ მოწოდებების ფაქტზე. დადებით შემთხვევაში გთხოვთ შეგვატყობინოთ, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება და მიცემულია თუ არა ვინმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

მიგვაჩნია, რომ ხსენებულ პირთა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოძიება უკვე დაწყებული ამ ფაქტზე, გთხოვთ უზრუნველყოთ გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება, რათა დამნაშავეებს დაეკისროთ სათანადო პასუხისმგებლობა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედია ალტინფო ფინანსდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საკითხითაც და არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება და ამ პირებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა საქართველოში აწარმოონ ანტიდასავლური პროპაგანდა“, – ვკითხულობთ ჟურნალისტების განცხადებაში.