დანიურმა საგამოძიებო პროექტმა Danwatch და გერმანულმა გამოცემამ Der Spiegel-მა აღმოაჩინეს, რომ რუსეთი მიწისქვეშა ბუნკერებში, სადაც ბირთვულ იარაღს ინახავს, მასშტაბურ მოდერნიზაციას ატარებს.
28 მაისს წარდგენილი გამოძიების თანახმად, Danwatch-ის ჟურნალისტებმა რუსეთის სამხედრო კონტრაქტებთან დაკავშირებული 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი მოიპოვეს, რომლებიც შემდეგ Der Spiegel-თან თანამშრომლობით გააანალიზეს.
რუსეთის მიერ ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე მზარდი შეზღუდვების მიუხედავად, ჟურნალისტებმა სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვეს.
ჟურნალისტებმა 2024 წლის ზაფხულში აღმოაჩინეს საიდუმლო ნახაზები, რომლებიც ავლენს სტრატეგიული ბირთვული იარაღით აღჭურვილი სამხედრო ობიექტების განლაგებას.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეზღუდა ამ ჩანაწერებზე წვდომა, ჟურნალისტებმა შეძლეს გვერდი აევლოთ შეზღუდვებისთვის „სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ შორის რუსეთში, ყაზახეთსა და ბელარუსში განლაგებული სერვერების ქსელებით“.
„რუსეთის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანმა დარღვევამ ქვეყნის ბირთვული მოდერნიზაციის პროექტის ყველაზე სენსიტიური დეტალები გამოავლინა“, – ამბობენ Danwatch-ის რეპორტიორები.
მანამდე მკვლევრები რუსეთის ბირთვული ძალების განვითარებას მხოლოდ თანამგზავრული ფოტოების საშუალებით აკვირდებოდნენ.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთში აშენდა ბევრი ახალი ბირთვული იარაღის ობიექტი. მათი თქმით, ზოგიერთი სამხედრო ობიექტი „პრაქტიკულად მიწასთან გაასწორეს და ნულიდან ააშენეს“.
გამოძიებაში ვკითხულობთ, რომ მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრომ ასევე ააშენა ასობით ახალი საგუშაგო კოშკი, სამეთაურო ცენტრები და საწყობები, ასევე გათხარა რამდენიმე კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბები.
დოკუმენტებმა ასევე გამოავლინა მიმდინარე მოდერნიზაციის მასშტაბები. ჩანაწერებში მოხსენებულია ფოლადის, ქვიშის, ცემენტის, აგურის და სხვა მასალების მიწოდება, ასევე მონაცემები IT სისტემების, ელექტრომოწყობილობების, წყალმომარაგების, გათბობისა და ვენტილაციის შესახებ.
დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის სამხედრო ობიექტების გარე პერიმეტრის გარშემო ელექტროღობეების სამი რიგი, სეისმური აქტივობისა და რადიაქტიურობის სენსორები, აფეთქებებისადმი გამძლე კარები, ფანჯრები და მაგნიტური გადამრთველებითა და ინფრაწითელი სენსორებით აღჭურვილი სიგნალიზაციის სისტემები.
ზოგიერთ შემთხვევაში, ჩანაწერებში მითითებულია, სად და რა სათვალთვალო კამერები უნდა იყოს დამონტაჟებული შენობებში.
ჩანაწერები ავლენს ობიექტების შიდა განლაგებას, მათ შორის აღწერს, თუ სად ჭამენ, სძინავთ, იყენებენ სააბაზანოს და ისვენებენ ჯარისკაცები. ასევე ვკითხულობთ სპორტული აღჭურვილობის შესახებ, რომელსაც სამხედროები იყენებენ. ესენია ძირითადად სარბენი ბილიკები და სიმძიმეები, ასევე თამაშები, როგორიცაა ჭადრაკი.
ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, სად ინახება დამცავი აღჭურვილობა; იარაღის კარადებისა და საკონტროლო ოთახების ადგილმდებარეობა; ასევე – რომელი შენობები უკავშირდება ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბებით.
ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსი ფილიპ ინგრამი მიიჩნევს, რომ ამ მონაცემების გამოქვეყნება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროცესების „სერიოზულ წარუმატებლობაზე“ მიუთითებს.
ექსპერტებმა Danwatch-ს განუცხადეს, რომ მოპოვებული მასალების დეტალიზაციის დონე რუსეთის ახალი ბირთვული იარაღის ობიექტებს თავდასხმების მიმართ დაუცველს ხდის; და რომ „აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, ჟურნალისტებისგან ასეთი ინფორმაციის მოძიება.