ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმის წევრებმა საქართველოში ორდღიანი მისია შეაჯამეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის უკუსვლა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ცნობები სცდება მედიაპლურალიზმის ეროზიას და პრესის თავისუფლების შელახვას. მათი შეფასებით, მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ელოდნენ.
დოკუმენტში განხილულია სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, ჟურნალისტთა უსაფრთხოება საქართველოში, რუსული და ჰომოფობიური კანონები, სასამართლო დავები, ჟურნალისტთა დაშინება და დამნაშავეთა დაუსჯელობა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმიუწვდომობა და სხვა.
„ჟურნალისტებს ფიზიკურად, სიტყვიერად, სამართლებრივად და ფინანსურად ესხმიან თავს. ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო საქმიანობად იქცა.
ისინი იმდენად არიან შეშფოთებულნი მათი უსაფრთხოებით, რომ ზოგი ჟურნალისტური დავალებების შესასრულებლად მარტო აღარ დადის. რამდენიმე გამოცემის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ტოვებენ ინდუსტრიას, ზოგი კი საზღვარგარეთ გადადის. გარდა ამისა, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი თავიანთ მედიას საზღვარგარეთ არეგისტრირებდნენ.
ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, მისიას აცნობეს ჟურნალისტების დაშინების მრავალი შემთხვევის შესახებ. მუქარაზე, მოკლევადიან დაკავებაზე, ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო დარღვევის შემთხვევებსა და სოციალურ მედიაში მიზანმიმართული ცილისწამების კამპანიებზე თავად ჟურნალისტები და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციები ჰყვებიან.
თანამოსაუბრეები ასევე შეშფოთებულნი იყვნენ ჟურნალისტების და/ან მედიის „ანტიქართულად“ მოხსენიებით ეროვნული სენტიმენტების ბოროტად გამოყენების გამო. მისია შეშფოთებულია, რომ „უცხოური გავლენის კანონი“ ღრმად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ცეცხლზე ნავთს ასხამს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას მკვეთრად უთხრის ძირს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
რუსულ კანონსა და ჰომოფობიურ, ცენზურის დამწესებელ კანონზე აღნიშნულია, რომ ორივე კანონი აღიქმება, როგორც მედიაზე ზეწოლის იარაღი აღმასრულებელი მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელში.
გამოწვევადაა დასახელებული პოლარიზაცია მედიაში, რასაც პოლიტიკური დებატების ნაკლებობა ამძაფრებს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სათანადად არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზატორები და მონაწილეები.
მისიის წარმომადგენლები მედიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად აფასებენ სასამართლოში მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღეს მკაფიო პასუხი, რა შეიძლება გაკეთდეს თავდასხმის დროს ჟურნალისტების დასაცავად. მისიის წარმომადგენლების შეშფოთებებს არ იზიარებს არც „ქართული ოცნება“.
ამავე ანგარიშში შეკითხვებია დასმული საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
მისია რეკომენდაციებს გასცემს.
მათი რეკომენდაციით, გარანტირებული უნდა იყოს თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო; ჟურნალისტებმა დაუბრკოლებლად უნდა შეძლონ არჩევნების გაშუქება; უნდა გადაიხედოს კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა გაუქმდეს ჰომოფობიური და რუსული კანონები; უნდა დაინერგოს საკანონმდებლო ბაზა მედიისთვის; ემიგრაციაში მყოფ უცხოელ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება და არ აეკრძალოთ ქვეყანაში შესვლა.
მისიის შემადგენლობაში იყვნენ: ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ), ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია (EFJ), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ცენზურის ინდექსი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)