„ჟურნალისტებს უფლება აქვთ, არ გადმოგვცენ საგანი“ | პროკურატურის მორიგი განცხადება „TV პირველზე“

პუბლიკა

სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა.

პროკურატურა ტელეკომპანიისგან მოითხოვს რეპორტაჟში მითითებულ კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას და წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ კონვერტს ან სხვაგვარ შეფუთვას, რომელშიც ეს მოწყობილობა იყო მოთავსებული.

როგორც პროკურატურაში მედიას უთხრეს, უწყება არ აპირებს არსად შეჭრას. ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.

მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ, არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ „ტელეკომპანია პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ასევე ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„ტელეკომპანია პირველს“ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მათთვის მისაღებ დროს, პროკურატურაში წარმოადგინონ მათთვის ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიუხედავად მათ მიერ გაჟღერებული პოზიციისა სასამართლოს განჩინების შინაარსთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათი თქმით, ამ პროცესში, მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა.