ჟურნალისტი ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზზე“ მომზადებული სიუჟეტის გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

პუბლიკა

„მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცველ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.

პირი, რომლის ვინაობის იდენტიფიცირებას ჟურნალისტი არ ახდენს, მას ჟურნალისტური მასალის წაშლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

„მიწიდან ამოგთხრი, თავი თუ არ გაგიხვრიტო… ჩვენ რაც გვჭირს, ეს არის ჩვენი უბედურება… ეს ვიდეო აიღე, მიწიდან ამოგთხრი. ძმის სულს გეფიცები, თავი თუ არ მოგაჭრა…,“ – ისმის ჩანაწერში.

სიუჟეტი, რომლის გამოც გელა მთივლიშვილმა მუქარა მიიღო, „მთის ამბებზე“ გამოქვეყნდა.

ჟურნალისტურ მასალაში საუბარია ჭიათურის რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც 30 წლის კაცი გზის პირას წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ თხრილები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ნამოქმედარია, მანგანუმის მოპოვების შემდეგ კომპანია მიწას გადათხრილს ტოვებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ოჯახმა არ იჩივლა, კომპანიის დანაშაული გამოძიებული არ არის.

„გამოვაქვეყნეთ ფილმი „ჭიათურა – უბედურების ზონა“ და ამ ფილმში ვუყვებით საზოგადოებას, „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმის მოპოვებისას როგორ ტოტალურად არღვევს კანონს, ხოცავს ადამიანებს, იმდენად გაუსაძლის და კატასტროფულ მდგომარეობას ქმნის ჭიათურაში. […] გავახმაურეთ რამდენიმე გაუხმაურებელი ფაქტი, მათ შორის, ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის ფაქტი და ამას მოჰყვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, ჟურნალისტის მიმართ განახორციელოს სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მაშინ, როცა მათ კომპანიას უნდა მოსთხოვონ პასუხი, ისინი მედიას უპირისპირდებიან. ეს არის სისტემის რეაქცია, მათ უნდათ, მხილება შევწყვიტოთ“, – ამბობს გელა მთივლიშვილი.

მუქარისშემცველი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მთივლიშვილი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

„პუბლიკას“ უწყებიდან აცნობეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილს ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.