ჟურნალისტი პაპუაშვილს: ჯერ თქვენ, კობახიძე და ივანიშვილი დარეგისტრირდით, მეოთხე ვიქნები მე

პუბლიკა

„ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ შალვა პაპუაშვილს რუსულ კანონზე საუბრისას უთხრა, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ზუსტად იგივეა, რაც აგენტი და აგენტად ის არასოდეს დარეგისტრირდება.

თურაძის თქმით, პაპუაშვილია ის, ვისაც თავად აქვს ნამუშევარი საერთაშორისო ორგანიზაციაში და თუ ვინმე პირველი უნდა დარეგისტრირდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარად, არის თავად პაპუაშვილი.

სწორედ ამიტომ, თურაძემ შესთავაზა პაპუაშვილს წინადადება – რეესტრში რეგისტრაცია დაიწყოს 2000 წლიდან, ნაცვლად 2023 ისა და ყველა, ვისაც უცხოურ ორგანიზაციაში უმუშავია ამ წლებში დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესის გამტარად”.

„ასლან აბაშიძის პერიოდიდან ვმუშაობ, როგორც ჟურნალისტი. მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიწია, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ. იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი ამ კანონით ცდილობთ, გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა. თუ ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ, რა არის აგენტი, იქ წერია, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი. მე 23 წელი ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწებებთ მაგ იარლიყს.

მინდა, შემოგთავაზოთ წინადადება, აგენტები, როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან, თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, წინადადება მაქვს ასეთი, რეესტრის გაკეთება დავიწყოთ არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ, ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც, ალბათ, მე რომ მთელი რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი 2011-10  წლისთვის, თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ თანხას.

ჩაეწეროს შემდეგ ირაკლი კობახიძე, ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულად უცხოური ფულით არის შევსებული. 2000 წლიდან დავიწყოთ, ბატონო შალვა, კარგი? მერე მე ვიქნები მეოთხე, რომელიც ჩაწერს, რომ უცხოური ინტერესებისთვის მუშაობს… მე ამას არ ჩავწერ”, – უთხრა მან პაპუაშვილს.

თურაძემ თქვა, რომ პაპუაშვილს აქვს დამალული გადასახადები, მას კანონის გვერდის ავლით რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ქონება გადაფორმებული აქვს 1 ლარად, ეს კი კრიმინალია. გამოცემის მიერ დაშვებული შეცდომა კი ტექნიკურია.

„მე როცა დავდევდი იმ ხელისუფლებას და ვაკრიტიკებდი, ისინი მე დამდევდნენ დღისით, ღამით, მოსვენებას არ მაძლევდნენ. თქვენ იმ ხელისუფლებასთან იფორმებდით ჰექტრობით ტყეს და საძოვრებს. მე მაინტერესებს, ერთი – როცა მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, გასცემდით გრანტებს, აიძულებდით თუ არა მათ, ემუშავათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის; თქვენ გაიძულებდნენ თუ არა, გემუშავათ უცხოური ინტერესებისთვის და იღებდით თუ არა შავ ფულს?

მეორე, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ არავის ახარებდა, თქვენი სიტყვებით, ომის პარტიას რომ ეძახით, როგორ გაიფორმეთ ამხელა მილიონებად ღირებული ქონება? ტყეზე, ათ ჰექტარ  ტყეზე არის საუბარი. ჩვენ ტექნიკური შეცდომა დავუშვით, და ვაღიარეთ და თქვენ ეს გამოიყენეთ და იძახეთ, აი ზუსტად ამიტომაა საჭირო კანონიო. არა, ბატონო შალვა.

ტექნიკური შეცდომა დავუშვით, მაგრამ თქვენ კანონი დაარღვიეთ, 1 ლარად 20 ჰექტარი ტყე და სახნავ-სათესი შეიძინეთ, რატომ არ გააფორმეთ ჩუქება და რატომ არ გადაიხადეთ შესაბამისი გადასახადები? ეს კრიმინალია. თქვენ ამ დოკუმენტით ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული, და დადგება დრო და აუცილებლად გამოიძიებს თქვენ საქმეს პროკურატურა. თქვენ დამალეთ გადასახადები, ჩემი გათვლებით, 200 000 ლარი მაინც, ეს თეორიაა, კანონის გვერდის ავლით გაიფორმეთ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ქონება 1 ლარად”, – უთხრა თურაძემ პაპუაშვილს.