ჟურნალისტის თქმით, ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს
„აჭარა თაიმსის” დამფუძნებელი, სულხან მესხიძე ამბობს, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე მასზე იძალადეს, შემდეგ კი სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
მესხიძე ყვება, რომ მას თავდაპირველად სხდომაზე არ უშვებდნენ, თუმცა, სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით მან შესვლა მაინც მოახერხა.
ჟურნალისტის თქმით, საკრებულოს სხდომაზე მან გადაღება დაიწყო, რა დროსაც ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ საკრებულოს და მედიის თანამშრომლები, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.
„ისინი ჩემ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას. ფიზიკური ძალით დამატოვებინეს სხდომათა დარბაზი. ხელების გადაგრეხვით გამომაგდეს და კარები ჩამიკეტეს. შესაძლებლობა არ მომეცა, საკრებულოს სხდომა გამეშუქებინა“. – ამბობს სულხან მესხიძე.
მესხიძემ თქვა, რომ დარბაზში მედიისა და მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ადგილებს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ავსებენ და ამით მათ დასწრებას ზღუდავენ.
ჟურნალისტი ამბობს, რომ შეეცადა, ვიდეოთი აესახა ის ვითარება, რაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში დახვდა. მას მუშაობაში ხელი ამ დროს შეუშალეს.
ვიდეოს თანახმად, რომელიც „აჭარა თაიმსმა” გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თავდაპირველად მესხიძეს დაცვის თანამშრომლები დარბაზში არ უშვებდნენ, შემდეგ კი შენობაში მყოფი ადამიანები ეუბნებიან, რომ „ის ნორმალურად არ იქცევა”.
„ქალბატონო, იცით, რომ ახლა კანონი ირღვევა და საკრებულოს სხდომაზე არ უშვებენ მედიას?” – ეკითხება მესხიძე ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც სხდომის დარბაზში შედის.
„ჩუმად იყავი. აქედან უნდა უყურო, რა პრობლემაა”. – პასუხობს ის.
„ბატონო თენგიზ, შეგიძლიათ, რეაგირება მოახდინოთ ამ უკანონობაზე? გამომაგდეს და არ მიშვებენ და რეაგირება არ გაქვთ ამ უკანონობაზე. სხდომის დაწყებამდე შემოვედი და გამაგდეს ძალისმიერი მეთოდით, ბატონო თენგიზ, რის გამო გამაგდეს?” – მიმართავს მესხიძე საკრებულოს თავმჯდომარე ირემაძეს.
ვიდეოში ჩანს, რომ თენგიზ ირემაძე მას პასუხს სცემს, თუმცა, მისი ხმა არ ისმის.
ამ პროცესის განმავლობაში საკრებულოს სხდომათა დარბაზის კარი ღია იყო. მესხიძე თავდაპირველად ღია კარებთან იდგა, შემდეგ კი რამდენიმე წუთით დარბაზში შესვლა ისევ მოახერხა.
დაცვის თანამშრომლები სულხან მესხიძესთან მივიდნენ და უთრხეს: „ხელს უშლით სხდომას, გეუბნებით” – მესხიძეს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და საკრებულოს დარბაზის კარი დახურეს.
შენობაში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტს უთხრა:
„მითხრეს, დაატოვებინე დარბაზიო. მეტი მე არაფერი არ ვიცი”.