ჟურნალისტს ასევე აქვს უფლება, არ გათქვას ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ასაჯაროებდეს წყაროს - კაპანაძე

პუბლიკა

ორგანიზაცია „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელი ნათია კაპანაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ განაცხადა, გამოძიება მედიას არ შეეხებოდა,  სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა,  „TV პირველის“ მისამართით კითხვები და კონკრეტული განჩინებაც არსებობს. მისი თქმით, ამ განჩნებით სახეზეა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პრინციპების უგულვებელყოფა.

როგორც ნათია კაპანაძე განმარტავს, ჟურნალისტებს აქვთ უფლება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაცია, წყაროები დაიცვან და ეს შეიძლება მიემართებოდეს როგორც ადამიანს, ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით მიღებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ასაჯაროებდნეს წყაროს საიდუმლოებას.

„თქვენ იცით სისხლის სამართლის  საპროცესო კოდექსი 50-ე მუხლი ადგენს იმ პირთა სიას, რომლებსაც არ შეიძლება იყვნენ მოწმეები სისხლის სამართლის საქმეებზე და მათ შეუძლიათ უარი განაცხადონ, როგორც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის გათქმაზე.

ამ ჩამონათვალს შორის არიან ჟურნალისტები, მათ შეუძლიათ დაიცვან თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაცია, წყაროები.  ეს წყარო შესაძლებელია მიემართებოდეს ადამიანს, ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით მიღებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება რაღაც ნაწილში ასაჯაროებდეს წყაროს საიდუმლოებას, საფრთხეს უქმნიდეს წყაროს საიდუმლოებას“, – ამბობს ნათია კაპანაძე.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში მედიას აქვს უფლება უარი უთხრას გამოძიებას და დაფაროს თავისი წყაროები.


სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს და მიღებულ დოკუმენტსაც აქვეყნებს.

„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ მოითხოვა არა ის აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს“, – ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.

როგორც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამბობს, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. „ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი“, – ამბობს ის.